აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის თქმით, მისი ადმინისტრაციის შუამავლობით ისრაელსა და ჰამასს შორის დადებული ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გამოშვების შეთანხმება ღაზის სექტორში "ომის სამუდამო დასასრულს" მოიტანს.
მიღწეულ ეტაპობრივ შეთანხმებაზე საუბრისას ბაიდენმა განაცხადა, რომ პირველი ფაზა სრული ცეცხლის შეწყვეტის პერიოდი იქნება, რომელიც 6 კვირა გაგრძელდება. ამ დროის განმავლობაში ისრაელის არმია დასახლებული ადგილებიდან ძალებს გაიყვანს.
ბაიდენს არ უხსენებია, მოიცავს თუ არა ეს ფილადელფის დერეფანსაც, რაზეც ისრაელის პრემიერმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ პირობა დადო, რომ IDF იქ დარჩებოდა. არაბული მედიის ინფორმაციით, პირველი ფაზის განმავლობაში IDF ეტაპობრივად გამოვა დერეფნიდან მანამ, სანამ 6 კვირის შემდეგ ყველა სამხედრო არ დატოვებს დერეფანს.
ბაიდენმა დაამატა, რომ იგი კატარისა და ეგვიპტის ლიდერებს უკვე ესაუბრა და სამივემ პირობა დადო, რომ მოლაპარაკებები წინ წაიწევს "სანამ ეს საჭირო იქნება".
ბაიდენის თქმით, მეორე ფაზაში ჰამასი დანარჩენ მძევლებს გაათავისუფლებს, ხოლო ღაზის სექტორიდან ისრაელის დარჩენილი ნაწილებიც გავლენ. ხოლო მესამე ფაზაში ჰამასი ისრაელს მძევლების ცხედრებს გადასცემს და ღაზის სექტორში მნიშვნელოვანი რეკონსტრუქციის გეგმები დაიწყება.
ამას გარდა, ბაიდენმა დაამატა, რომ აშშ-ს მხარდაჭერით ისრაელის მიერ ჰამასის ტერორისტულ ორგანიზაციაზე ზეწოლამ და პროირანული "წინააღმდეგობის ღერძის" დასუსტებამ განაპირობა, რომ ჰამასი მძევლების გათავისუფლებასა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე დათანხმდა.
15 იანვარს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და ჰამასის მძევლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით ისრაელმა და ჰამასმა შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია Axios-ის კორესპონდენტმა, ბარაკ რავიდმა ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით გაავრცელა.
შეთანხმების დეტალებზე გამოცემა Reuters წერდა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ექვსკვირიან პერიოდს გულისხმობს და ღაზის სექტორიდან ისრაელის ძალების ეტაპობრივ გამოყვანასა და ისრაელში მყოფი პალესტინელი პატიმრების გამოშვების სანაცვლოდ ჰამასის ტყვეობაში მყოფი მძევლების გათავისუფლებას მოიცავს.