ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის მიხედვით, ჰამასმა ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების თანახმად ტყვეების პირველი ნაწილი კვირას უნდა გამოუშვას.
გუშინ, 16 იანვარს, ისრაელის პრემიერმინისტრის ოფისმა განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც ჰამასმა მოლაპარკების პროცესში ბოლო წუთას "კრიზისი შექმნა", რის გამოც შესაძლოა სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩაშლილიყო.
პრემიერმინისტრის ოფისის ბოლო განცხადების მიხედვითბ, მთავრობის კაბინეტი მალე შეიკრიბება, რათა საბოლოოდ ხელი მოაწეროს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რატიფიცირებას მოახდენს.
"პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ სრულად ინფორმირებულია მოლაპარაკებებში მონაწილე გუნდის მიერ, რომ შეთანხმება მიღწეულია მძევლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით" – წერია განცხადებაში.
მანამდე, 15 იანვარს აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, ისევე, როგორც აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურეს, რომ სამშვიდობო შეთანხმება ისრაელსა და ჰამასს შორის მიღწეულია.
აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის თქმით, მისი ადმინისტრაციის შუამავლობით ისრაელსა და ჰამასს შორის დადებული ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გამოშვების შეთანხმება ღაზის სექტორში "ომის სამუდამო დასასრულს" მოიტანს.
მიღწეულ ეტაპობრივ შეთანხმებაზე საუბრისას ბაიდენმა განაცხადა, რომ პირველი ფაზა სრული ცეცხლის შეწყვეტის პერიოდი იქნება, რომელიც 6 კვირა გაგრძელდება. ამ დროის განმავლობაში ისრაელის არმია დასახლებული ადგილებიდან ძალებს გაიყვანს.
ბაიდენს არ უხსენებია, მოიცავს თუ არა ეს ფილადელფის დერეფანსაც, რაზეც ისრაელის პრემიერმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ პირობა დადო, რომ IDF იქ დარჩებოდა. არაბული მედიის ინფორმაციით, პირველი ფაზის განმავლობაში IDF ეტაპობრივად გამოვა დერეფნიდან მანამ, სანამ 6 კვირის შემდეგ ყველა სამხედრო არ დატოვებს დერეფანს.
ბაიდენმა დაამატა, რომ იგი კატარისა და ეგვიპტის ლიდერებს უკვე ესაუბრა და სამივემ პირობა დადო, რომ მოლაპარაკებები წინ წაიწევს "სანამ ეს საჭირო იქნება".
ბაიდენის თქმით, მეორე ფაზაში ჰამასი დანარჩენ მძევლებს გაათავისუფლებს, ხოლო ღაზის სექტორიდან ისრაელის დარჩენილი ნაწილებიც გავლენ. ხოლო მესამე ფაზაში ჰამასი ისრაელს მძევლების ცხედრებს გადასცემს და ღაზის სექტორში მნიშვნელოვანი რეკონსტრუქციის გეგმები დაიწყება.