ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას თქმით, საქართველო საკმაოდ მიმზიდველ ადგილად რჩება ინვესტორებისთვის. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, თურნავა ავსტრიაში ვიზიტის ფარგლებში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მსხვილ ინვესტორებს შეხვდა. მათივე ცნობით, ვენაში, Raiffeisen Bank-ის ორგანიზებით გამართულ შეხვედრას 25-ზე მეტი საინვესტიციო ფონდის წარმომადგენელი ესწრებოდა.
"ჩვენ გვინდა ინვესტორები დავარწმუნოთ იმაში, რომ ჩვენი მაკროეკონომიკური გარემო არის სტაბილური, პოლიტიკა - თანმიმდევრული. საქართველო საკმაოდ მიმზიდველ ადგილად რჩება ინვესტორებისთვის. ამ შეხვედრაში მონაწილეობდა 25-ზე მეტი ინსტიტუციური ტიპის ინვესტორი, ფონდები, სხვადასხვა საინვესტიციო ჯგუფები, რაც მეტყველებს, რომ საქართველოს მიმართ ინტერესი მაღალია და ჩვენი ქვეყანა საკმაოდ მიმზიდველ ადგილად რჩება ინვესტორებისთვის" - თქვა თურნავამ.