ჰამას-ისრაელის 2023-25 წლის ომი

AP News: ჰამასი დათანხმდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და მძევლების გათავისუფლებას

FADEL SENNA

AP News-ის ინფორმაციით, ჰამასი დათანხმდა დოჰაში მომზადებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საბოლოო ვერსიას. მედიასთან ამ ინფორმაციას მოლაპარაკებებში მონაწილე პირები ადასტურებენ.

Associated Press-მა მოიპოვა შეთანხმების დოკუმენტი. ისრაელის წარმომადგენლის მიხედვით, შეთანხმებასთან დაკავშირებით პროგრესი ნამდვილად არსებობს, თუმცა, მიმდინარეობს საბოლოო დეტალების შეჯერება. საბოლოო თანხმობისთვის, დოკუმენტი ისრაელის სამთავრობო კაბინეტმა უნდა დაამტკიცოს. 

ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი და ულტრამემარჯვენეთა პარტია ოცმა იეჰუდითის ლიდერი ითამარ ბენ გვირი ამბობს, რომ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმების შემთხვევაში მისი პარტია სამთავრობო კოალიციას დატოვებს. შეთანხმებას ასევე ეწინააღმდეგება ფინანსთა მინისტრი, ბეცალელ სმოტრიჩი. 

13 იანვარს მომლაპარაკებლებმა ისრაელსა და ჰამასის ტერორისტულ ორგანიზაციას შეთანხმების საბოლოო ვერსია გადასცეს. მანამდე, მიმდინარე მოლაპარაკებებზე, რომელსაც ბაიდენისა და აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, "გარღვევა" მოხდა.

"შეთანხმებით...  გათავისუფლდებიან მძევლები, შეწყდება ბრძოლა, ისრაელი უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხოებით და ნება მოგვეცემა, რომ მნიშვნელოვნად გავუზარდოთ ჰუმანიტარული დახმარება პალესტინელებს, რომლებიც საშინლად დაიტანჯნენ ამ ომში, რომელიც ჰამასმა დაიწყო". - თქვა ბაიდენმა სიტყვით გამოსვლისას.

ანონიმური ოფიციალური პირების თქმით, ცეცხლის შეწყვეტასა და მძევლების გამოშვებაზე ტექსტი ორივე მხარეს კატარმა დოჰაში მიმდინარე მოლაპარაკებებზე წარუდგინა.

კომენტარები