საქართველო-რუსეთი

ლავროვი: იქნებ გონსალესმა მაგალითი ზურაბიშვილისგან აიღოს, რომელიც ამბობდა, არსად წავალო

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი მოსკოვში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაკან ფიდანთან ერთად გამართული პრესკონფერენციისას, 2023 წლის 31 აგვისტო.
REUTERS/Maxim Shemetov/Pool/File Photo

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი 2024 წლის დიპლომატიური საქმიანობის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ შეეხო საქართველოს საპარლამენტო არჩევნებსა და საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.

ის ამ საკითხს მას შემდეგ შეეხო, რაც კითხვა ვენესუელაში არსებული პოლიტიკური სიტუაციისა და აშშ-ს მიერ მისი ავტოკრატი ლიდერის, ნიკოლას მადუროს დაკავებისთვის ჯილდო გამოაცხადა. 

"დასავლეთი გაბრუებულია თავისი სიდიადით, როგორც ეს ჰგონიათ, თავისი დაუსჯელობით, თვითმინიჭებული უფლებით, გადაწყვიტონ მთელი მსოფლიოს ერთა ბედი. ეს მხოლოდ ლათინურ ამერიკაში არ იჩენს თავს." - ირწმუნება ლავროვი. მან აშშ-ს განცხადებას "სამარცხვინო" უწოდა.

აშშ ვენესუელის პრეზიდენტად ოპოზიციონერ ედმუნდო გონსალესს აღიარებს, რადგან 2024 წლის ნოემბერში ჩატარებული არჩევნები გაყალბდა. ამავე პოზიციაზე დგას აშშ-ს არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც.

"მათ მიაჩნიათ, რომ არჩევნების შედეგებზე ვერდიქტის გამოტანის უფლება აქვთ. დიახ, ქვეყნებს უფლება აქვთ, მაგრამ არა ვალდებულება." - თქვა ლავროვმა.

ლავროვმა კვლავ გააკრიტიკა მოლდოვასა და რუმინეთში ჩატარებული არჩევნები, საქართველოს საპარლამენტო არჩევნები კი შეაქო. 

"როგორი რეაგირება ჰქონდათ მოლდოვის არჩევნებზე - არც კი აღვწერ, როგორ იყო ორგანიზებული, რომ რუსეთში მყოფ ნახევარ მილიონ მოლდოველს ხმა ვერ მიეცა და როგორ გაკეთდა ყველაფერი, რომ ოდნავ უფრო მცირე რაოდენობის დასავლეთში მომუშავე მოლდოველებს ჰქონოდათ შესაძლებლობა, რიგის გარეშე ხმა მიეცათ იმისთვის, ვისზეც უთხრეს, ე.წ. პრეზიდენტი სანდუსთვის. შეხედეთ, როგორ დასცინიან ქართველ ხალხს, სხვათა შორის, ჩვენ დაგვაბრალეს, რომ იქ რაღაც გავითამაშეთ. ეუთოს დამკვირვებლებმა ვერ აღმოაჩინეს ვერანაირი დიდი დარღვევა. ეს ფორმულა ნიშნავს, რომ ბიჭებო, ყველაფერი გაკეთდა, ყველაფერი სწორად, ყველაფერი კარგადო. რუმინეთს შეხედეთ - საერთოდ სირცხვილია." - თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ლავროვმა ახსენა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი და ირონიულად აღნიშნა, რომ ვენესუელის ოპოზიციის ლიდერმა, რომელსაც აშშ პრეზიდენტად აღიარებს, მას უნდა მიბაძოს.

"იქნებ ე.წ. პრეზიდენტმა გონსალესმა, ასევე ე.წ. პრეზიდენტმა გუაიდომ (რედ. - ხუან გუაიდო - ვენესუელელი ოპოზიციონერი, რომელმაც 2019 წელს ეროვნულმა ასამბლეამ ქვეყნის პრეზიდენტად აღიარა, რასაც საპრეზიდენტო კრიზისი მოჰყვა) საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილისგან მაგალითი აიღონ. ის ხომ ძალიან მკაცრად ამბობდა, ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე ორი დღით ადრე, რომ არსად წავიდოდა და, როგორც საქართველოში ლეგიტიმური ძალაუფლების ერთადერთი წყარო, იჯდებოდა ამ სასახლეში და ბრძანებებს გასცემდა. თუმცა დილით წავიდა და მუშაობა დაიწყო რაღაც პოლიტექნიკურ ანალიტიკურ ცენტრში." - თქვა ლავროვმა.


2024 წლის 29 ივლისს ვენესუელის საარჩევნო კომისიამ გამოაცხადა, რომ ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში ისევ ნიკოლას მადურომ გაიმარჯვა. შედეგების გამოცხადებას ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციათა ტალღა მოჰყვა.

ვენესუელის ოპოზიციამ 2 აგვისტოს გამოაქვეყნა ხმის მიცემის 23,000 აპარატიდან ამოღებული ქვითრები, რომლებიც აჩვენებენ, რომ ოპოზიციის კანდიდატმა ხმათა 80%-ზე მეტი მოიპოვა. ამის გამო, მადუროს რეჟიმის სასამართლომ ოპოზიციის ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატის, ედმუნდო გონსალესის დაკავების ორდერიც გასცა. 

ვენესუელის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ცივილიზებული სამყაროს არცერთი ქვეყანა არ ცნობს, მათ შორის, აშშ, რომელიც არჩევნებში გამარჯვებულად სწორედ ედმუნდო გონსალესს აღიარებს. შედეგებს აღიარებს მადუროს რეჟიმის მხარდამჭერი ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა რუსეთი, ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა და ა.შ. 

მიუხედავად მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ლიდერების მოწოდებებისა, ავტოკრატის მიერ კონტროლირებადი საარჩევნო კომისია ოფიციალურ შედებს უბნის დონეზე დღემდე არ ასაჯაროებს. 

მადურო ვენესუელას პრეზიდენტის პოსტს 2013 წლიდან იკავებს. მისი პარტია, ვენესუელას ერთიანი სოციალისტური პარტია (PSUV) უკვე 25 წელია, ქვეყნის მმართველი პარტიაა. 1998 წლიდან 2013 წლამდე პარტიის ლიდერი და ქვეყნის პრეზიდენტი უგო ჩავესი იყო. 

2018 წლის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებიც, რომელიც მადურომ მოიგო და ვენესუელას პრეზიდენტი მეორე ვადით გახდა, მსოფლიო ქვეყნების აბსოლუტურმა უმრავლესობამ არ აღიარა. 

კომენტარები