მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტასა და მძევლების გამოშვებაზე მხარეები შეთანხმების მიღწევის "ზღვარზე" არიან, 14 იანვარს მოლაპარაკებებში ჩართული მხარეები დოჰაში შეხვდებიან, რათა გარიგების გეგმის საბოლოო დეტალები განიხილონ.
საკითხში გარკვეულმა პირებმა თქვეს, რომ 13 იანვარს მომლაპარაკებლებმა ისრაელსა და ჰამასის ტერორისტულ ორგანიზაციას შეთანხმების საბოლოო ვერსია გადასცეს. მანამდე, მიმდინარე მოლაპარაკებებზე, რომელსაც ბაიდენისა და აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, "გარღვევა" მოხდა.
"შეთანხმებით... გათავისუფლდებიან მძევლები, შეწყდება ბრძოლა, ისრაელი უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხოებით და ნება მოგვეცემა, რომ მნიშვნელოვნად გავუზარდოთ ჰუმანიტარული დახმარება პალესტინელებს, რომლებიც საშინლად დაიტანჯნენ ამ ომში, რომელიც ჰამასმა დაიწყო". - თქვა ბაიდენმა სიტყვით გამოსვლისას.
ანონიმური ოფიციალური პირების თქმით, ცეცხლის შეწყვეტასა და მძევლების გამოშვებაზე ტექსტი ორივე მხარეს კატარმა დოჰაში მიმდინარე მოლაპარაკებებზე წარუდგინა.
"ჩემი აზრით, კარგი შანსია, რომ ამის დახურვა შევძლოთ [...] მხარეები ზუსტად ზღვარზე არიან, რომ ეს გარიგება დაიხუროს". - თქვა ბაიდენის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა.
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, ბურთი ახლა ჰამასის მოედანზეა. Axios-ის ცნობით, იგი დღეს, 14 იანვარს, ღაზის სექტორისთვის ომის შემდგომი პერიოდის გეგმას წარადგენს.
ისრაელელი მაღალჩინოსნის თქმით, მოლაპარაკებები ბოლო ეტაპზეა, რათა შეთანხმების ფარგლებში 33 მძევალი გათავისუფლდეს. ისრაელის მთავრობის თქმით, ჰამასის ტყვეობაში ამ დრომდე 98 მძევალი რჩება.
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდეონ საარმა რეპორტიორებთან განაცხადა, რომ მოლაპარაკებებზე "პროგრესია, ბევრად უკეთესად გამოიყურება, ვიდრე მანამდე. მინდა, ჩვენს ამერიკელ მეგობრებს მადლობა გადავუხადო იმ უდიდესი ძალისხმევისთვის, რომელსაც ისინი დებენ, რათა მძევლების გათავისუფლებაზე შეთანხმება მიღწეული იყოს".
Reuters-ის ინფორმაციით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მისაღწევად ტრამპის ინაუგურაციის თარიღი, 20 იანვარი, დე ფაქტო საბოლოო ვადად მიიჩნევა. ტრამპმა წინა დღეებში პირობა დადო, რომ ახლო აღმოსავლეთში "ჯოჯოხეთი დატრიალდება", თუკი ღაზაში მყოფი ჰამასის მძევლები მის ინაუგურაციამდე არ გათავისუფლდებიან.
ამასთანავე, ისრაელელი მაღალჩინოსნის თქმით, წარდგენილი შეთანხმების პირობებით, პირველ ეტაპზე 33 მძევალი, მათ შორის, ბავშვები, ქალები, რომელთაგანაც ზოგიერთი ქალი ჯარისკაცია, 50 წელს გადაცილებული კაცები, დაშავებულები და ავადმყოფები, გათავისუფლდება.
ხოლო ცეცხლის შეწყვეტის 16-ე დღეს მოლაპარაკებები მეორე ეტაპისთვის დაიწყება, რომლის ფარგლებშიც დანარჩენი მძევლები - კაცი ჯარისკაცები და სამხედრო ასაკის კაცები - გათავისუფლდებიან, ხოლო დაღუპული მძევლების ცხედრები ისრაელის მხარეს გადაეცემა.
ამას გარდა, შეთანხმების ფარგლებში ისრაელი ეტაპობრივად გამოიყვანს ჯარისკაცებს ღაზის სექტორიდან, თუმცა, ისრაელის ძალები სასაზღვრო პერიმეტრზე დარჩება, რათა საზღვარზე მდებარე ქალაქები და სოფლები დაიცვას.
უსაფრთხოების კუთხით ზომები იქნება მიღებული ფილადელფის დერეფანშიც, რომლის ნაწილებიდანაც ისრაელი შეთანხმების ძალაში შესვლიდან რამდენიმე დღეში გამოვა. ამას გარდა, Reuters-ის ცნობით, ჩრდილოეთ ღაზის უიარაღო მცხოვრებლებს უკან დაბრუნება შეეძლებათ, თუმცა იქნება მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ჩრდილოეთში არანაირი შეიარაღება შევიდეს. ისრაელელი სამხედროები ასევე დატოვებენ ნეცარიმის დერეფანს ცენტრალურ ღაზაში.
ისრაელელი მაღალჩინოსნის თქმით, გარიგების ფარგლებში გათავისუფლდებიან პალესტინელი მებრძოლებიც, რომლებიც მკვლელობისთვის ან სასიკვდილო შედეგის თავდასხმის გამო არიან ნასამართლევი, თუმცა მათი რიცხვი დამოკიდებული იქნება ცოცხალი მძევლების რაოდენობაზე, რაც ჯერჯერობით უცნობია. თუმცა, ისრაელი არ გაათავისუფლებს იმ პირებს, რომლებიც 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმაში იღებდნენ მონაწილეობას.