ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

"ვერ ავიტანეთ დაკავებულების მიმართ არაადამიანური მოპყრობა" – ადვოკატებმა სხდომა დატოვეს

საპროტესტო აქციების ფარგლებში რეჟიმის სამართალდამცავების მიერ დაკავებულთა ადვოკატებმა განმარტეს, თუ რატომ დატოვეს სხდომათა დარბაზი სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას. 

"ვითხოვეთ შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე დარბაზის შეცვლა. ტექნიკურად ამისი შესაძლებლობა სასამართლოს ჰქონდა. დამსწრე საზოგადოებისა და ბრალდებულთა ოჯახის წევრების რაოდენობის გათვალისწინებით, ვითხოვეთ დარბაზის შეცვლა, მაგრამ სასამართლომ გვითხრა ამ ყველაფერზე უარი. ამას მოჰყვა შედეგად ის, რომ ერთ-ერთი ბრალდებული გახდა ცუდად. სასწრაფოს ექიმის ცნობის მიხედვით დადგინდა, რომ მისი ცუდად გახდომის მიზეზი იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, რაც გამოწვეული იყო უჟანგბადობით. ჩვენმა კოლეგამ, ბატონმა კახა კოჟორიძემ დააყენა შუამდგომლობა უკვე ამის შემდეგ და მოსთხოვა სასამართლოს, რომ გაეთვალისწინებინა ეს გარემოება და შეცვლილიყო ამის შემდეგ დარბაზი, არ მოჰყოლოდა შედეგად სხვა ბრალდებულების ცუდად გახდომა. მაგრამ ამის მიუხედავად სასამართლომ კვლავ იგივე გადაწყვეტილება დატოვა ძალაში და არ შეცვალა სხდომის დარბაზი, რასაც, ბუნებრივია, ბრალდებულთა პროტესტი მოჰყვა და შესაბამისად ჩვენი სამუშაო პირობების არქონის გამო ბრალდებულებთან შეთანხმებით და დავტოვეთ სხდომათა დარბაზი". - ამბობს ერთ-ერთი ადვოკატი.

კიდევ ერთი ადვოკატის თქმით, ადვოკატებმა სხდომათა დარბაზი დატოვეს, რადგან მათ ვერ აიტანეს მათი დაცვის ქვეშ მყოფების მიმართ არაადამიანური მოპყრობა. 

"კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება არის ის, რომ როდესაც სასწრაფო იყო გამოძახებული, სასწრაფომ დატოვა სამედიცინო დოკუმენტი, რომელშიც მითითებული იყო პირდაპირ, რომ ეს ჩვენი მოგონილი არ არის, რომ პირი [ირაკლი მიმინოშვილი] განიცდიდა უჟანგბადობას. ეს დოკუმენტი გადაეცა მოსამართლეს. ამის შემდგომ, როგორც მხარემ, საქმეზე დართული დოკუმენტის გადმოცემა ვითხოვე, რომ გავცნობოდი. მანამდე მოსამართლე მიუთითებდა, რომ თითქოსდა ექიმს არ უწერია ის, რომ უჟანგბადობას განიცდიდა [დაკავებული] და ამის გამო გახდა ცუდად. იძულებული გახდა მოსამართლე ჩემი არაერთი მოთხოვნის შემდეგ, რომ ეს დოკუმენტი გადმოეცა. დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ პიროვნება იმიტომ გახდა ცუდად, რომ განიცდიდა უჟანგბადობას. ამის შემდგომ ეს დოკუმენტი მივაწოდე მოსამართლეს და ვუთხარი, რომ, ბატონო მოსამართლე, აქ წერია და რატომ იძახით, რომ ვითომდა არ ყოფილა ეს ფაქტი. მოსამართლის პოზიცია იყო, რომ თითქოსდა ის ვერ კითხულობს, როდესაც იქ მყოფ ყველა პიროვნებას შესაძლებლობა გვქონდა, ეს ამოგვეკითხა. ასევე ბრალდების მხარეს შევთავაზე, რომ გასცნობოდა ამ დოკუმენტს და თავისი პოზიცია დაეფიქსირებინა.

ჩვენ მიერ პროცესის დატოვების მიზეზი და საფუძველი არის ის, რომ ადვოკატები ვერ ავიტანდით ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფების მიმართ არაადამიანურ მოპყრობას და ჩვენი იქ ყოფნა იქნებოდა ამაზე თანხმობა". - თქვა ერთ-ერთმა ადვოკატმა. 

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციების დროს რეჟიმის სამართალდამცავების მიერ დაკავებული ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძის, ვასილ კაძელაშვილის, გიორგი გიორგაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ინსაფ ალიევის, თორნიკე გოშაძისა და ნიკოლოზ ჯავახიშვილის პროცესი მიმდინარეობს.

რეჟიმის მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ დაკავებულთა ადვოკატების შუამდგომლობა, სხდომის დიდ დარბაზში გადატანის შესახებ, არ დააკმაყოფილა.

ამის შედეგად, ერთ-ერთი დაკავებული, ირაკლი მიმინოშვილი პროცესის მიმდინარეობისას დარბაზში შექმნილი უჰაერობის გამო, რამდენჯერმე შეუძლოდ გახდა.

ამასთან, ცოტა ხნის წინ ბრალდების მხარემ პროცესში სახაზინო ადვოკატების შემოყვანა მოითხოვა. 

კომენტარები