კორეის ცენტრალური საინფორმაციო სააგენტოს (KCNA) ცნობით, 6 იანვარს ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო მშენებლობის მთავარმა სამმართველომ ახალი ჰიპერბგერითი შორი და საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტის საცდელი გაშვება წარმატებით შეასრულა.
KCNA-ს ინფორმაციით, პიონიანის შემოგარენში მდებარე პოლიგონიდან გაშვებულმა რაკეტის ქობინმა 1500 კილომეტრი ხმის სიჩქარეზე 12-ჯერ სწრაფად დაფარა და ღია ზღვაში წინასწარ განსაზღვრულ წყლის აკვატორიას ზუსტად მოარტყა. ანგარიშის მიხედვით, გაშვების მომენტში ბალისტიკური რაკეტა ორჯერ ავიდა მაქსიმალურ სიმაღლეზე, რომელიც 99.8 და 42.5 კილომეტრს შეადგენდა.
საცდელ გაშვებას ასევე ესწრებოდა ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი. მისი თქმით, რაკეტას "შეუძლია მტერს ძლიერი სამხედრო დარტყმა მიაყენოს და ეფექტურად გადალახავს ნებისმიერ მჭიდრო საჰაერო თავდაცვის სისტემას". კიმ ჩენ ინმა ასევე აღნიშნა, რომ "ეს რაკეტა შემუშავებულია აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში ჩრდილოეთ კორეის მტრების შესაკავებლად და არა თავდასხმითი ოპერაციებისთვის".
ჩრდილოეთ კორეაში სარაკეტო ცდების შესახებ ინფორმაცია წინა დღეს სამხრეთ კორეის დაზვერვამ გაავრცელა. სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის კომიტეტის თქმით ახალი საშუალო მანძილის ბალისტიკური რაკეტის წარმატებულ გაშვებაზე, რომელიც ჰიპერბგერითი ქობინითაა აღჭურვილი, გავრცელებული ინფორმაცია, სავარაუდოდ, ტყუილია.
სამხრეთ კორეის, აშშ-ისა და იაპონიის სამხედროების შეფასებებით, გაშვებული რაკეტის ფრენის მანძილი მხოლოდ 1100 კილომეტრი იყო და, ამასთან, მან 42.5 კილომეტრის სიმაღლეს ვერ მიაღწია.
სამხრეთ კორეის სამხედროები არ გამორიცხავენ, რომ ახალი რაკეტის შემუშავებისას ჩრდილოეთ კორეამ ტექნოლოგიური დახმარება შესაძლოა რუსეთისგან მიიღო.





