ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა

გახარია: ვაფასებთ ეუთოს PA-ს ჩართულობას, თუმცა კაუმას ვიზიტის დრო შემაშფოთებელია

პარტია საქართველოსთვის ლიდერი გიორგი გახარია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას საქართველოში მოსალოდნელ ვიზიტს X-ზე გამოეხმაურა.

გახარიას თქმით, არსებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე, ივანიშვილის რეჟიმთან ნებისმიერი ჩართულობა მისი რეპრესიული მმართველობის ლეგიტიმაციის რისკს აჩენს, რის გამოც კაუმას თბილისში ვიზიტის დრო "ღრმად შემაშფოთებელია".

"მიუხედავად იმისა, რომ ვაფასებთ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ჩართულობას, პია კაუმას თბილისში ვიზიტის დრო ღრმად შემაშფოთებელია.

საქართველოში არსებული მძიმე პოლიტიკური კრიზისის ფონზე, ივანიშვილის რეჟიმთან ნებისმიერი ჩართულობა მისი რეპრესიული მმართველობის ლეგიტიმაციის რისკს აჩენს. სასტიკად ნაცემი პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლება არის რეჟიმთან ნებისმიერი ჩართულობის უცვლელი წინაპირობა. მეტიც, ნებისმიერი დიალოგის ერთადერთი მისაღები ფოკუსი უნდა იყოს ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების დაუყოვნებლივი ორგანიზება". - წერს გახარია.

გახარიას მსგავსად, პია კაუმას წერილით მიმართავს 3 ოპოზიციური კოალიციაც. აღნიშნულ წერილში ნათქვამია, რომ ქვეყანაში არსებული ვითარების ფორნზე, როდესაც "არჩევნები ჩატარდა კონსტიტუციური და საერთაშორისო დემოკრატიული პრინციპების უხეში დარღვევით", მშვიდობიანი პროტესტების მონაწილეთა მიმართ განხორციელებული უკანონო დაკავებების, ძალადობის და რეპრესიების დროს, მისი საქართველოში ვიზიტის გადადება "იქნება საუკეთესო გადაწყვეტილება, ვიდრე რეჟიმი არ აიღებს ვალდებულებას ახალი არჩევნების დანიშვნისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მიმართ".

კომენტარები