ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა

ეუთოს PA კოტე იოსელიანზე: დაშინება შეუთავსებელია დემოკრატიულ ღირებულებებთანო

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, პია კაუმა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ლიდერები შეშფოთებას გამოთქვამენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას მიერ გამოთქმული საჯარო ბრალდებების შესახებ მისი ქმრის, კოტე იოსელიანის გატაცებისა და დაშინების შესახებ.

"ამ საქმის გარემოებები ჯერ კიდევ გასარკვევია, თუმცა, ბრალდებების ხასიათი, დადასტურების შემთხვევაში, ძალიან სერიოზულია. პოლიტიკური ლიდერების ან მათი ოჯახების დაშინების ნებისმიერი მცდელობა ფუნდამენტურად შეუთავსებელია დემოკრატიულ ღირებულებებთან და ეუთოს ადამიანის უფლებების ვალდებულებებთან. საფუძვლიანი და გამჭვირვალე გამოძიება აუცილებელია ანგარიშვალდებულებისა და საზოგადოების ნდობის უზრუნველსაყოფად". - წერს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, პია კაუმა.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების გენერალური კომიტეტის თავმჯდომარემ, ლუცია პოტუჩკოვამ და ამავე კომიტეტის მომხსენებელმა, კარინა ოდებრინკმა კი ხაზი გაუსვეს ასეთ სიტუაციებში დემოკრატიული გარანტიების დაცვის აუცილებლობას.

"დემოკრატიულ საზოგადოებაში ყველა პოლიტიკური აქტორისა და მათი ოჯახების უსაფრთხოება და თავისუფლება გარანტირებული უნდა იყოს. ეს არ არის მხოლოდ პირადი უსაფრთხოების საკითხი – ეს არის პოლიტიკური მთლიანობისა და დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების ნდობის საკითხი". - წერია მათ ერთობლივ განცხადებაში.

ამასთან, სამხრეთ კავკასიაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენლის, ლუის გრაჩას თქმით, ასამბლეა გააგრძელებს სიტუაციის მჭიდრო მონიტორინგს და მზადაა მხარი დაუჭიროს საქართველოს დემოკრატიული პრინციპებისა და პოლიტიკური პლურალიზმის დაცვის მცდელობებში.

ცნობისთვის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, 8 მაისს მისი ქმარი კოტე იოსელიანი ხუთმა ნიღბიანმა პირმა გაიტაცა და 8 საათის განმავლობაში მასზე ზეწოლას ახდენდნენ. რის შედეგადაც იოსელიანმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ის ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შვილს, უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის.

კომენტარები