ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა

პატიმრების, მათ შორის მზია ამაღლობელის მონახულებაზე უარი გვითხრეს - სამპიეტრო

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პერე ჟოან პონს სამპიეტროს თქმით, ქართული ოცნების მაღალჩინოსნებმა პატიმრების, მათ შორის მზია ამაღლობელის მონახულებაზე უარი უთხრეს.

"მინდა, გითხრათ, რომ მოვითხოვეთ პატიმრების მონახულება, რომლებიც ციხეში არიან, განსაკუთრებით, სახაროვის პრიზის მფლობელის [მზია ამაღლობელის]. ეს გამოვხატეთ პრემიერმინისტრთან, ეს გამოვხატეთ ქვეყნის პრეზიდენტთან, ეს გამოვხატეთ შინაგან საქმეთა მინისტრთან, ეს გამოვხატეთ პარლამენტის სპიკერთან. და მათ გვიპასუხეს: “არა”.

ასე რომ, ვიღებთ იმ ფაქტს, რომ მთავრობას აქვს უარის თქმის უფლება, მაგრამ ვთხოვეთ განხილვა. ვფიქრობთ, რომ თუ მოლაპარაკებებში ხარ, ან აპირებ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს, [განვიხილეთ ეს] რა თქმა უნდა, პოლიტიკურად უნდა აწარმოო მოლაპარაკებები….

და ვფიქრობ, რომ დღევანდელი ვითარება, რაც ვნახეთ, როგორც მინიმუმ, გვაიძულებს ვუთხრათ მთავრობას, რომ უნდა განიხილონ [პატიმრების] გათავისუფლება [...]

[...] პრემიერმინისტრს, პარლამენტის სპიკერს ვუთხარით, რომ ერთ-ერთი ნაბიჯი, რომელიც მათ უნდა გადადგან, არის, როგორც მინიმუმ, განიხილონ პატიმრების გათავისუფლება, რომლებმაც განაჩენის მინიმუმ 50% გაატარეს ციხეში... ჩემი როლი არაა, ვთქვა პოლიტპატიმრები არიან თუ არა. ვიტყვი, რომ ისინი ციხეში არიან, ვინაიდან პოლიტიკური საქმიანობით იყვნენ დაკავებული" - თქვა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, პერე ჟოან პონს სამპიეტრომ ინტერპრესნიუსის ცნობით.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა ივანიშვილის პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ.

"შევხვდი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას, რომელსაც პრეზიდენტი პერე ჟოან პონს სამპიეტრო ხელმძღვანელობს. ჩვენი საუბარი შეეხო რეგიონულ უსაფრთხოებას და ეუთო-სთან პარტნიორობის გაძლიერებას. საქართველო კვლავ რჩება ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული კონსტრუქციული თანამშრომლობის ერთგული“, - წერს კობახიძე.

კომენტარები