საქართველოს პროკურატურა

კანონსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ 2 400 000$-ს - პროკურატურამ 3 პირი დააკავა

პროკურატურა

პროკურატურამ, სუს-თან და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან ერთად, დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე 3 პირი დააკავა. დანაშაული 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდათ.

"ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო დეპარტამენტში 2022 წლიდან მიმდინარე  სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების ფარგლებში, ცალკეულ პირთა დანაშაულებრივ საქმიანობის ფაქტზე პროკურატურის მიერ, სასამართლოს შესაბამისი განჩინების საფუძველზე ამოღებელ იქნა დანაშაულში მონაწილე პირთა კუთვნილი რამდენიმე მილიონი ლარი, ასევე დაყადაღდა მათ საკუთრებაში არსებული ძვირადღირებული უძრავი ქონებები.

დაკავებულებმა ისარგებლეს შექმნილი სიტუაციით და 2021-2022 წლების პერიოდში, დანაშაულის ერთ-ერთ ორგანიზატორს, რომლის კუთვნილი აქტივებიც ამოიღო და დააყადაღა პროკურატურამ, სხვადასხვა უწყების მაღალი თანამდებობის პირების სახელით, დანაშაულებრივი საქმიანობის მფარველობისა და პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებაში მისთვის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღების ცრუ დაპირებით, ეტაპობრივად, მოტყუებით გამოართვეს 2 460 000 აშშ დოლარი, რასაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ და ურთიერთშორის გაინაწილეს.

შემდგომში კი, ფულის გათეთრების მიზნით, მოტყუებით დაუფლებული თანხების დანაწევრებით და მათი უკანონო წარმომავლობის შენიღბვით, დაკავებულებმა თავის, ოჯახის წევრების და ნათესავების სახელზე შეიძინეს ძვირადღირებული უძრავ-მოძრავი ქონებები, რა გზითაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია განახორციელეს", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

უწყების ცნობით, გამოძიების ფარგლებში დააყადაღეს ბრალდებულების მიერ შეძენილი ძვირადღირებული ქონება და საბანკო ანგარიშებზე არსებული თანხები. 

საქმეზე გამოძიება გრძელდება.

კომენტარები