საქართველოს პროკურატურა

დააკავეს სკოლის ბუღალტერი, ვინც ₾2 161 806 აზარტული თამაშებისთვის გადაირიცხა და წააგო - POG

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, დაკავებული მეექვსე საავტორო სკოლის ბუღალტერია, რომელსაც სკოლის ინტერნეტ ბანკთან წვდომა ჰქონდა - მან სკოლის საბანკო ანგარიშიდან სხვადასხვა დროს საკუთარ ანგარიშზე 2 161 806 ლარი გადარიცხა, ხოლო თანხის ნაწილი აზარტულ თამაშებში წააგო.

დაკავებულს ბრალდება  სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით (სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფებოდა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახით 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ შპს "მეექვსე საავტორო სკოლის" ბუღალტერმა, რომელსაც წვდომა ქონდა სკოლის ინტერნეტ ბანკთან და რომლის მართლზომიერ მფლობელობაშიც არსებობდა შპს "მეექვსე საავტორო სკოლის" კუთვნილი თანხები, სკოლის საბანკო ანგარიშიდან დანიშნულებით "ხელფასი" და "ხელფასის ავანსი", სხვადასხვა დროს საკუთარ ანგარიშზე დიდი ოდენობით, 2 161 806,52 ლარი გადარიცხა, რომლის ნაწილიც აზარტულ თამაშებში წააგო. დაკავებულის ქმედების შედეგად "მეექვსე საავტორო სკოლას" დიდი ოდენობით ზიანი მიადგა". - წერია განცხადებაში.

კომენტარები