საქართველოს პროკურატურა

დაზარალებულებისთვის 6 მიწის ნაკვეთის დაბრუნების გადაწყვეტილება მივიღეთ – პროკურატურა

პროკურატურის ცნობით, დაზარალებული რამდენიმე პირისთვის 6 მიწის ნაკვეთის დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღეს. 

უწყების ცნობით, დაზარალებულებს მიწის ნაკვეთები 2009-2010 წლებში ანაკლიის პორტის მშენებლობის მიზნით ჩამოერთვათ, ერთ შემთხვევაში 2011 წელს. 

პროკურატურის განცხადება:

"დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2009-2010 წლებში საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყების მიზნით მოლაპარაკებას აწარმოებდა ერთ-ერთ კერძო კომპანიასთან, რომელსაც ანაკლიასა და მის მიმდებარედ პორტის მშენებლობისთვის საჭირო მიწის ფართობი უნდა გამოყოფოდა. მიწის ნაკვეთის გამოყოფასა და ინვესტორისთვის გადაცემას კი ხელს უშლიდა ის გარემოება, რომ ხსენებულ ტერიტორიაზე არსებული მიწის ფართობის გარკვეული ნაწილი ირიცხებოდა ადგილობრივი მოსახლეობის საკუთრებად და ისინი შესაბამისი კომპენსაციის მიღების გარეშე საკუთრებას არ თმობდნენ.

პროცესის გამარტივების და მოსახლეობისთვის კომპენსაციის გაცემისგან თავის არიდების მიზნით, იმჟამინდელი ხელისუფლების ცალკეული მაღალი თანამდებობის პირების გადაწყვეტილებით, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შესაბამისმა სტრუქტურულმა დანაყოფმა საკუთრების უფლების უხეში დარღვევით, მესაკუთრეთა ნების საწინააღმდეგოდ და მათგან ფარულად საჯარო რეესტრში ყალბი საკადასტრო ნახაზი გადაგზავნა. აღნიშნულის საფუძველზე 2000 ჰა-ზე მეტი ფართობის მიწის ნაკვეთი სახელმწიფო საკუთრებაში დარეგისტრირდა. მათ შორის აღმოჩნდა ადგილობრივი მცხოვრებლების მიწის ნაკვეთებიც, ისე რომ მოსახლეობას კომპენსაცია არ მიუღია, რითაც უხეშად დაირღვა მათი საკუთრების უფლება.

სახელმწიფოს საკუთრებაში უსაფუძვლოდ დარეგისტრირებულ ნაკვეთებს შორის მოექცა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისკურსა და ხეთაში მდებარე მანანა ფიფიას 1250 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, თეიმურაზ კაკულიას - 3002 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, თეიმურაზ ტურავას - 3123 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, შოლინა კანკიას - 3225 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მაია მელაძის 4118 კვ.მ. მიწის ნაკვეთი.

გარდა აღნიშნულისა, საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა თბილისში ქონების უკანონოდ ჩამორთმევის მორიგი ფაქტი გამოავლინა და დაზარალებულის უფლებების აღდგენის მიზნით, მისთვის კუთვნილი ქონების დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ გიორგი მელაძემ 2011 წლის 26 ოქტომბერს მოქალაქე რ. წ. - გან სოფელ დიღომში მდებარე 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთი შეიძინა, რაშიც გადაიხადა 4 000 აშშ დოლარი. ქონების შეძენიდან მოკლე დროში, გიორგი მელაძე ქონების კანონიერად შეძენის საკითხთან დაკავშირებით დაიბარეს სამართალდამცავ უწყებაში, სადაც ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები. 2011 წლის 8 დეკემბერს გიორგი მელაძე დაზარალებულად ცნეს იმავე სისხლის სამართლის საქმეზე. მიუხედავად იმისა, რომ მას მინიჭებული ჰქონდა დაზარალებულის სტატუსი, სამართალდამცავი უწყების თანამშრომლებმა ზეწოლის შედეგად, გიორგი მელაძე აიძულეს, 2011 წლის 14 დეკემბერს, სახელმწიფოს სასარგებლოდ მიეტოვებინა მის მიერ კეთილსინდისიერად შეძენილი მიწის ნაკვეთი.

დეპარტამენტის მიერ ექვსივე ზემოხსენებული პირი დაზარალებულად იქნა ცნობილი, შესაბამისად, დეპარტამენტი შუამდგომლობით მიმართავს შესაბამის უწყებას, რათა დაზარალებულ მოქალაქეებს დაუბრუნდეთ ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე რიცხული მათი კუთვნილი მიწის ნაკვეთები". - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

კომენტარები