საფრანგეთი

საფრანგეთში მასწავლებლის მკვლელობასთან დაკავშირებით ბრალი 8 პირს დაუმტკიცეს

ფოტო: BBC

საფრანგეთის სასამართლომ შვიდ მამაკაცსა და ერთ ქალს სიძულვილის კამპანიაში მონაწილეობისთვის პატიმრობა შეუფარდა. კამპანია წინ უძღოდა 2020 წლის ოქტომბერში, პარიზის ერთ-ერთ გარეუბანში სკოლის მასწავლებლის, 47 წლის სამუელ პეტის მკვლელობას. გამოტანილი სასჯელები სამიდან 16 წლამდე მერყეობს.

2020 წლის 16 ოქტომბერს ჩეჩნეთში დაბადებულმა, 18 წლის ისლამისტმა თავდამსხმელმა, აბდულახ ანზოროვმა ისტორიისა და გეოგრაფიის მასწავლებელს, სამუელ პეტის თავი მოჰკვეთა და მისი სურათი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.  თავდამსხმელი პოლიციამ ადგილზე მოკლა.

იმ პირების ნაწილი, ვინც ნოემბრის ბოლოდან პარიზის სპეციალურ სასამართლოში ტერორიზმის ბრალდებით გაასამართლეს, დამნაშავის დახმარებაში, ხოლო მეორე ნაწილი მკვლელობამდე ინტერნეტში სიძულვილის კამპანიის ორგანიზებაში დაადანაშაულეს.

მასწავლებელზე თავდასხმა სოციალურ მედიაში გავრცელებული პოსტების შემდეგ მოხდა. პოსტებში და ვიდეოებში ამტკიცებდნენ, თითქოს პეტიმ გაკვეთილზე სიტყვის თავისუფლების თემის ახსნის ფარგლებში თავის სტუდენტებს წინასწარმეტყველი მუჰამედის შეუარცხმყოფელი გამოსახულებები აჩვენა.

თავდასმამდე რამდენიმე დღით ადრე ინტერნეტში აქტიურად გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს პეტიმ წინასწარმეტყველი მუჰამედის სურათების გამოქვეყნებამდე მუსლიმ მოსწავლეებს კლასის დატოვება უბრძანა. 2020 წლის 9 ოქტომბერს Twitter-ზე გავრცელდა ვიდეო, სადაც კაცი ამბობს, რომ მისი მუსლიმი ქალიშვილი, კლასის ერთ-ერთი მოსწავლე, მასწავლებლის ქმედებებით უაღრესად იყო გაბრაზებული. როგორც მოგვიანებით გაირკვა, გოგონა მაგ დღეს გაკვეთილს საერთოდ არ ესწრებოდა.

სინამდვილეში, პეტი სამოქალაქო განათლების ფარგლებში ატარებდა გაკვეთილს სიტყვის თავისუფლების თემაზე და სანამ ჟურნალ Charlie Hebdo-ს მიერ პირველად გამოქვეყნებულ ერთ-ერთ კარიკატურას აჩვენებდა მოსწავლეებს, მან მათ ნაწილს ურჩია, თუ კი თავს არაკომფორტულად იგრძნობდნენ, თვალები დაეხუჭათ.

სასამართლო პროცესის დროს მსჯავრდებულთა შორის, რომლებმაც მკლვლელს მორალური თუ მატერიალური დახმარება გაუწიეს,  ერთ-ერთი იყო ბრაჰიმ ჩინნა, იმ სკოლის მოსწავლის მამა, რომლის ვიდეოც მასშტაბურად გავრცელდა სოციალურ ქსელში. ჩინნს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

დამნაშავედ ცნეს ასევე მკვლელის ორი მეგობარი, რომლებიც იარაღის ყიდვის დროს თან ახხლდნენ მას. 22 წლის ნაიმ ბუდაუდი და 23 წლის აზიმ ეპსირხანოვი გაასამართლეს მკვლელობაში თანამონაწილეობაში და თითოეულს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. გაასამართლეს ასევე კიდევ ოთხი პირი, რომლებთანაც მკვლელი ონლაინ რადიკალურ მიმოწერას აწარმოებდა. 

პეტის წინააღმდეგ ონლაინ სიძულვილის კამპანიის ორგანიზებისთვის ასევე გაასამართლეს მუსლიმი მქადაგებელი, აბდელჰაკიმ სეფრიუი, რომელსაც 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

დაცვის მხარე ამტკიცებდა, რომ არცერთ ბრალდებულს არ ჰქონდა წინასწარი წარმოდგენა ანზოროვის გეგმებზე და რომ მათი სიტყვები და ქმედებები მხოლოდ მკვლელობის შემდეგ გახდა დანაშაულებრივი. თუმცა მოსამართლის გადაწყვეტილებით, წინასწარი ცოდნის არარსებობის მიუხედავად მათი ქმედებები წაქეზების ხასიათის აღმოჩნდა.

კომენტარები