18 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ევროპარლამენტის პრეზიდენტის რობერტა მეცოლას მიწვევით, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე, მიმდინარე საპროტესტო აქციების მოთხოვნებსა და კრიზისიდან გამოსვლის გზაზე ისაუბრა.
საპროტესტო აქციებზე საუბრისას ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ "ეს არის ძალიან მშვიდობიანი, ძალიან მასობრივი, სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მოძრაობა", რომელსაც "მხოლოდ ორი მოთხოვნა აქვს: დამიბრუნე ჩემი ხმა, მოპარული არჩევნების გამო, და დამიბრუნე ჩემი მომავალი და ევროპული მომავალი, ეს არის ახალი არჩევნების მოთხოვნა".
"ეს არ არის რევოლუციური მოძრაობა ამ გაგებით, რადგან არ არის მოთხოვნები იმის შესახებ, თუ ვინ უნდა გააგდონ ძალაუფლებიდან, არამედ, რეალურად, არის - მოდი, დავუბრუნდეთ არჩევნებს თავისუფალ და სამართლიან გარემოში". - თქვა ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, "ცხადი უნდა იყოს, რომ ქართველები არ გაჩერდებიან, სანამ საქართველო თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს არ მიიღებს, რადგან ეს ერთადერთი, დემოკრატიული და პოლიტიკური გზაა ამ ვითარებიდან გამოსასვლელად".
საქართველოს პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ამჟამინდელი ვითარების ისე წარმოჩენა, თითქოს საქართველო ორ ნაწილად არის გაყოფილი, მცდარია. ზურაბიშვილის თქმით, არსებობს მცდელობები, შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ ქვეყანა "სამოქალაქო დაპირისპირებისკენ" მიემართება.
"არ არსებობს [ქართველი ხალხის] ორი მხარე, არის ქართველი ხალხი ერთ მხარეს და ერთი პარტიის რეპრესიული აპარატი მეორე მხარეს და სულ ესაა". - განუცხადა მან ევროპარლამენტარებს.
პრეზიდენტის თქმით, ქართული ოცნების მხრიდან რუსეთისკენ გადახვევა რეალურად 2019 წელს გავრილოვის ღამის ინციდენტით მოხდა, ხოლო ეს პროცესი, მისი თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ასწრაფდა.
"შესაძლოა, ჩვენ ვერ დავინახეთ, შეიძლება, მე ვერ დავინახე საკმარისად ცხადად, რუსული გზა ქართული ოცნების, რომელიც რეალურად 2019 წლის გავრილოვის ინციდენტით დაიწყო, რომელიც გემახსოვრებათ, როდესაც ეს რუსი მოიწვიეს საქართველოს პარლამენტის პრეზიდენტის სკამის დასაკავებლად". - თქვა ზურაბიშვილმა.
ამას გარდა, სიტყვით გამოსვლისას ზურაბიშვილმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში დარღვევებსა და შედეგების გაყალბებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, არჩევნებზე ორი მთავარი - საყოველთაობისა და ხმის ფარულობის - პრინციპი დაირღვა.
ევროპარლამენტში გამოსვლისას პრეზიდენტი ასევე შეეხო მთავრობის მხრიდან ევროკავშირთან 2028 წლამდე მოლაპარაკებების შეწყვეტის გადაწყვეტილებასაც და ხაზგასმით აღნიშნა, რომ პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს ამ გადაწყვეტილების მისაღებად არც მანდატი ჰქონდა და არც - ლეგიტიმაცია.
"28 ნოემბერს გამოცხადება იმის, რაც ჩვენ ომის გამოცხადებად მიგვაჩნია, რომლის მიხედვითაც, პრემიერმინისტრს, რომელსაც ამ დროისთვის ლეგიტიმურობა არ აქვს, რადგან არჩევნები ძლიერ გასაჩივრებულია, მაგრამ ამისთვის არც მანდატი აქვს, რადგან კონსტიტუცია ამბობს, ძალიან კონკრეტულად, რომ ყველა ინსტიტუტი საქართველოში ვალდებულია, ყველაფერი გააკეთოს, რათა ხელი შეუწყოს და დააჩქაროს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი". - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ის, რასაც სინამდვილეში კობახიძე აჩერებს, "საქართველოს ევროპული მომავალია, ამის გაკეთების ყოველგვარი მანდატისა და უფლების გარეშე".
გამოსვლის ბოლოს ზურაბიშვილმა ქართული ოცნების ქმედებების საპასუხოდ ევროკავშირი ნელი ნაბიჯებისთვის გააკრიტიკა და რიტორიკული კითხვით მიმართა, უნდა მიეცეს თუ არა რუსეთს საქართველოში გამარჯვების საშუალება მას შემდეგ, რაც იგი უკრაინაში, მოლდოვაში, სირიასა და რუმინეთში დამარცხდა.
"მაგრამ ყველამ კარგად იცით, რომ მაშინ, როცა ქართველები დღე და ღამე იბრძვიან, ევროპა ნელა იღვიძებს და ნელა რეაგირებს. ვიმედოვნებ, რომ არ მოგვიწევს დაველოდოთ უფრო ღრმა კრიზისს, რათა ევროპამ იმოქმედოს". - განუცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტარებს.
ზურაბიშვილის თქმით, ქართველები არ შედრკებიან, მაგრამ ევროპისგან ნაბიჯების გადადგმას მოელიან, რათა "ჩვენ ევროპისა და მისი ღირებულებების დაცვა ერთობლივად შევძლოთ".
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლა ევროპარლამენტარების ტაშითა და მათ მიერ აღმართული საქართველოს დროშებით დასრულდა.





