რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხაილ ბოგდანოვის თქმით, რუსეთმა სირიაში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ აჯანყების მეთაური დაჯგუფების, ჰაიათ თაჰრირ ალ-შამის (HTS) პოლიტიკურ კომიტეტთან კონტაქტები დაამყარა.
ინფორმაცია გამოცემა ТАSS-მა გაავრცელა.
ბოგდანოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ დისკუსიის მთავარ თემას რუსეთის დიპლომატიური მისიისა და სირიაში მყოფი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენდა. მისივე თქმით, ეს კონტაქტები “კონსტრუქციულად” მიმდინარეობს.
“პრინციპში, ეს კონტაქტები კონსტრუქციულ ნაკადში მიმდინარეობს, ვიმედოვნებთ, რომ ის ჯგუფები, ადამიანები, ძალები, რომლებიც ქალაქში ვითარებაზე პასუხს უნდა აგებდნენ, ყველა დაპირებას აასრულებენ, ვგულისხმობ რაიმენაირი გადაჭარბებების არ დაშვებას, უცხოური სახემწიფოების დიპლომატიური წარმომადგენლების, მათ შორის, რა თქმა უნდა, რუსეთის საელჩოს, უსაფრთხოების უზრუნველყოფას”. - თქვა ბოგდანოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
Интерфакс-ის მიხედვით, ბოგდანოვმა ასევე აღნიშნა, რომ რუსული სამხედრო ბაზები “სირიის ტერიტორიაზე რჩება”.
„ბაზები სირიის ტერიტორიაზე რჩება, სადაც აქამდე იყო. სხვა გადწყვეტილებები ჯერ არ მიღებულა. ბაზები იქ სირიის ხელისუფლების თხოვნით იყო და მათი მიზანი ტერორისტებთან ბრძოლას წარმოადგენდა“. - დასძინა მან.
შეგახსენებთ, რომ, Washington Post-ის ცნობით, სირიელმა ამბოხებულებმა, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ დამასკო აიღეს და ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი დაამხეს, უკრაინისგან დრონები და სხვა სახის დახმარება მიიღეს.
8 დეკემბერს ჰაიათ თაჰრირ ალ-შამის (HTS) მეთაურობით წამოწყებული იერიშის შედეგად ასადის რეჟიმი რამდენიმე დღეში ჩამოიშალა. თურქეთის მიერ მხარდაჭერილი მეამბოხეები რამდენიმე დღის განმავლობაში აგრძელებდნენ წარმატებულ სამხედრო ოპერაციებს.
ამავე დღეს ცნობილი გახდა, რომ ასადი ქვეყნიდან გაიქცა და მოსკოვში ოჯახთან ერთად ჩავიდა.
- Reuters: ასადი დამასკოდან გაიქცა, სირიელი ამბოხებულები დედაქალაქში შედიან
- რუსული მედია: ასადი ოჯახთან ერთად მოსკოვში ჩამოვიდა
ჰაიათ თაჰრირ ალ-შამი (HTS) ტერორისტული დაჯგუფება ალ-კაიდას სირიული დანაყოფის, ალ-ნუსრას ფრონტის საფუძველზე შეიქმნა. დაჯგუფება საკუთარი წინამორბედისგან "რებრენდინგს" ცდილობდა. იერიშამდე HTS-ი ქალაქ იდლიბსა და ამავე რეგიონის ნაწილებს აკონტროლებდა. სამხედრო ოპერაციებში ჯიჰადისტების გარდა სეკულარული ძალებიც მონაწილეობდნენ.
თურქეთის მიერ მხარდაჭერილი მეამბოხეები დაპირისპირებულები არიან ამბოხებულ ქურთებთან, რომლებიც სირიის ტერიტორიის ნაწილს აკონტროლებენ.