ქართული ოცნება ბიძინა ივანიშვილისა და საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის საუბრის შესახებ კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს, რომლის თანხმად, მაკრონმა "მართლაც დასვა დაკავებულების გათავისუფლების საკითხი", ხოლო ივანიშვილმა "განუმარტა, რომ პოლიცია აქციის მონაწილეთა მასშტაბური ძალადობის წინააღმდეგ ევროპულზე მაღალი სტანდარტით მოქმედებდა".
"საფრანგეთის პრეზიდენტმა, საუბრისას, მართლაც დასვა დაკავებულების გათავისუფლების საკითხი. პარტიის საპატიო თავმჯდომარემ პრეზიდენტს ამ საკითხზე განუმარტა, რომ დაკავებულთა უმრავლესობა არის ადმინისტრაციული წესით დაკავებული და უახლოეს პერიოდში, ყველა მათგანი გათავისუფლდება. რაც შეეხება სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებულ პირებს, მაკრონს განემარტა, რომ საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო და ყველა დამნაშავე ჩადენილ დანაშაულზე კანონის მოთხოვნებისა და მტკიცებულების მაღალი სტანდარტის შესაბამისად აგებს პასუხს. ბიძინა ივანიშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტს ასევე განუმარტა, რომ პოლიცია აქციის მონაწილეთა მასშტაბური ძალადობის წინააღმდეგ ევროპულზე მაღალი სტანდარტით მოქმედებდა. გარდა ამისა, პარტიის საპატიო თავმჯდომარემ საუბრისას აღნიშნა, რომ ცალკეულ გადაცდომებზე გამოძიება დაწყებულია და მიმდინარეობს". - წერია განცხადებაში
მანამდე, ივანიშვილსა და მაკრონს შორის შემდგარ ერთსაათიან სატელეფონო საუბარზე ელისეის სასახლე და ქართული ოცნება სხვადასხვა შინაარსის განცხადებებს ავრცელებდნენ.
ქართული ოცნების განცხადებაში არ იყო ნახსენები, რომ მაკრონმა ივანიშვილთან საუბრისას დაგმო პოლიციის მხრიდან მშვიდობიან მომიტინგეებსა და ჟურნალისტებზე ძალადობა და სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის დაშინება, "ყველა თვითნებურად დაპატიმრებული პირის" გათავისუფლებისკენ და გამოხატვის თავისუფლების პატივისცემისკენ მოუწოდა, საქართველოს ევროპული კურსიდან გადახვევის გამო იმედგაცრუება გამოხატა და "ხაზი გაუსვა საკუთარ რწმენას, რომ ის მიმართულება და გადაწყვეტილებები რომელიც იქნა მიღებული ან მომავალში მიიღება, აუცილებლად აისახება საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებზე".
როგორც მმართველი პარტიის გავრცელებულ განცხადებაში ეწერა, ერთსაათიანი სატელეფონო საუბრისას მაკრონმა აღნიშნა, რომ “წუხს საქართველოში შექმნილი ვითარების გამო და ამ ვითარების სრულად განმუხტვაში თავისი წვლილის შეტანის სურვილი გამოთქვა. თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტს ინიციატივისათვის მადლობა გადაუხადა და ერთობლივი ძალისხმევის იდეას მიესალმა”.