საქართველოში, ქვეყნის მასშტაბით 28 ნოემბრიდან საპროტესტო აქციები იმართება. მოქალაქეები ივანიშვილის რეჟიმის მიერ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას აპროტესტებენ. რეჟიმის სამართალდამცავები განაგრძობენ აქციის მონაწილეთა ცემასა და სისხლის სამართლის თუ ადმინისტრაციული წესით დაკავებას.
მოქალაქე შოთა დიმიტრიშვილი 28 ნოემბრიდან 8-დღიან შუალედში პოლიციამ ორჯერ დააკავა. პირველ ჯერზე მას პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა. დიმიტრიშვილმა წინასწარი დაკავების იზოლატორში 48 საათი გაატარა.
ტაბულასთან საუბრისას აქციის მონაწილე იხსენებს მომენტს, როდესაც იგი 5 დეკემბრის აქციაზე სპეცრაზმმა ხელმეორედ დააკავა. დიმიტრიშვილის თქმით, დაკავების შემდეგ სპეცრაზმელებმა იგი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, ზვიად ხარაზიშვილთან, იგივე "ხარებასთან" მიიყვანეს.
"ჭიჭინაძე ვიდექი კორდონის წინ, პირველ ხაზში და იმათი მხრიდან პირველ ხაზში იყო საპატრულო პოლიცია და ამ საპატრულო პოლიციას ველაპარაკებოდი ვაჟა ფშაველას კოსმოპოლიტიზმსა და პატრიოტიზმზე. [...]
რაღაც მომენტში, ვიღაც ტიპი მედგა გვერდზე და, მარტო ვიყავი, მეგობრებთან ერთად არ ვყოფილვარ, ვიღაც ტიპი მედგა გვერდზე და რაღაცაზე ახსენა ხარება, ოღონდ იმასაც არ შეუგინებია. კი არ შეაგინა, ხარებას ბრძანებას რატომ ასრულებთო, ამის კითხვა უნდოდა და ვიღაც ნიღბიანმა გამოარღვია ამ საპატრულო პოლიციის კორდონი და ეს ტიპი უნდა დაეჭირათ, ვინც ხარება ახსენა - მაგ სახელს რატომ ახსენებო. მე შევრჩი ხელში. [...]
ამწიეს ჰაერში, ასე მივყავდი. გზაში ვიღაცები თმებს მწიწკნიდნენ. შეურაცხყოფა იყო ისეთი, რომ ფილმებში არ მინახავს ეგეთი შეურაცხყოფა, ისე მაგინებდნენ და ისეთ რაღაცებს მეუბნებოდნენ. თმას მწიწკნიდნენ, ასე ჰაერში აწეულს, გზაში ვისაც კი ხელი მოუწევდა ჩემამდე.
საბოლოოდ მიმიყვანეს ხარებასთან, რომელიც იჯდა მანქანაში, რამდენიმე ადამიანი მიგვიყვანეს. თავზე ვიღაცის სათვალე გამიკეთეს ასე და მეკაიფებოდნენ, დამცინოდნენ. "მიდი, ისიც გაუკეთე" და რაღაც 2 სათვალე გამიკეთეს თავზე. ჩანთა გამიჩხრიკეს, ვითომ ოღონდ ზურგზე მეკეთა ესე. მიმიყვანეს ხარებასთან, იმან ფოტო გადაგვიღო. რა გინდათო, გვკითხა. მე ვუთხარი, რომ ქვეყნის სათავეში არის ტიპი, რომელიც მტერთან არის გარიგებული, რაც ნიშნავს სამშობლოს ღალატს და მაგიტომ ვდგავარ-მეთქი. დამცინეს მაგაზეც, რა თქმა უნდა. მერე ერთი შემომარტყა ვიღაცამ სახეში, ეგ რომ ვთქვი. მერე აქ ამ ხარებამ "კაი, კაი, ნუ ურტყამთ, ბიჭო" და რაღაცებს ეუბნებოდა.
მერე წამიყვანეს მარშუტკაში, ამ მარშუტკაში ჩამსვეს და ეს ნიღბიანები შემომეკრიბნენ და დამიწყეს ვითომ ლაპარაკი რაღაცაზე. ყველას გავეცი აბსოლუტურად პასუხი, ყველას ვუთხარი, რომ არ ვიცი, ვინ ხართ-მეთქი, თქვენზე საერთოდ არ მაქვს არაფერი, მე ვისაც ვერჩი, არის ბიძინა ივანიშვილი და ტიპი, რომელიც არის სამშობლოს მოღალატე-მეთქი.
საბოლოოდ ამ მარშუტკით ჭიჭინაძიდან ჩიტაძეზე გადაგვიყვანეს და ჩვენი თავი აჩუქეს პოლიციელებს, ჩამოურიგეს ესე საპატრულო პოლიციას და მერე ამ საპატრულო პოლიციამ წაგვიყვანა შსს-ს შუშებიან შენობაში, კახეთის გზატკეცილზე. [...]
ჩემს განცდებს რაც შეეხება, მე მხნედ ვიყავი იმიტომ, რომ სიმართლე ჩემს მხარეს იყო და იქაც ყველას ვეუბნებოდი მაგას - ხარებასაც ეგ ვუთხარი. საერთოდ არ მეშინია ახლა აქ რომ ვდგავარ-მეთქი, სიმართლე ჩემს მხარეს არის-მეთქი და სიმართლის გამო თუ რამე უნდა დამიშავოთ, მიდით-მეთქი. სასამართლოზეც სულ მაგას ვლაპარაკობდი იმიტომ, რომ რეალურად მართლა მართალი ვარ - არც არავისთვის შემიგინებია, არც რამე მისვრია, არც საერთოდ ვინმეს მიმართ აგრესია გამომიხატავს. და როცა სიმართლე ჩემს მხარეს არის, მე ვიქნები მხნედ და ვიდგები მაგრად - რაც არ უნდა დამიშავონ და როგორც". - ამბობს დიმიტრიშვილი ტაბულასთან საუბრისას.
ივანიშვილის რეჟიმის სამართალდამცავების მიერ ნაწამებ მოქალაქეთა ისტორიები წაიკითხეთ აქ: