ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

მთავარი არხი აქვეყნებს "მოძალადე სპეცრაზმელების სიას"

საპროტესტო აქცია, 28 ნოემბერი
ტაბულა

მთავარი არხი წერს, რომ მოიპოვა იმ სპეცრაზმელებისა და მათი ხელმძღვანელების სია, რომლებიც "ამ დღეების განმავლობაში აქციის მონაწილეთა არაადამიანურ და ძალადობრივ დარბევასა და დაკავებებში მონაწილეობენ. სია "მთავარ არხს" პირდაპირ შინაგან საქმეთა სამინისტროდან ფარულად მიაწოდეს.

ეს მოძალადეები უკვე ერთ კვირაზე მეტია სასტიკად უსწორდებიან ადამიანებს, რომლებიც საქართველოს არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ ქვეყნის რუსეთისთვის გადაბარებას აპროტესტებენ. ივანიშვილის სპეცრაზმელები საიდენტიფიკაციო ნომრების გარეშე და ნიღბებით მოქმედებენ, რათა მათი ვინაობა დაფარული დარჩეს, თუმცა ახლა მათ სახელებს მთელი საქართველო და აგრეთვე მათი ოჯახის წევრები, მეგობრები და ახლობლები გაიგებენ", - წერს ტელეკომპანია. 

გამოქვეყნებულ მასალას მალევე facebook-ზე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე.

"ჯერ არ ვიცი ნამდვილია თუ არა და რამდენად ზუსტია, მაგრამ ნაცტელევიზიებმა საჯაროდ დადეს ქართველი სპეცრაზმელების სია. 

არადა რამდენი ფეიკი აქვთ გაკეთებული, ასეთ სიებს რუსებს აძლევენო…
რეალურად თვითონ დადეს საჯაროდ!..

ბარემ მიაწერონ, მათი პატრონები წითელ ხიდზე რომ გარბოდნენ, რომელი სპეცრაზმელი იბრძოდა აგვისტოს ომში, უფრო გაუადვილებენ იდენტიფიცირებას… 

საკუთარი სამშობლოს მტრები არიან ჩვეულებრივი, ქმედითი, მავნებელი მტრები! მერე გამოდგებიან და სიტყვა რუსულს ვერ მოაშორებ პირიდან", - წერს მდინარაძე. 

სიის გამოქვეყნების შემდეგ პროტესტის მონაწილე მომხმარებლებმა დაიწყეს მათი facebook-ზე მოძებნა. პირები, რომლებიც გამოქვეყნებულ სიაში არიან, პირად გვერდებს აუქმებენ. 

ტაბულა ვერ ახერხებს მყისიერად გადაამოწმოს გამოქვეყნებული ინფორმაცია.

კომენტარები