შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსთაველის გამზირზე აქციის მიმდინარეობისას პოლიციელის დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის 43 პირი დააკავეს. ამასთან, შსს-მ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლის მეორე ნაწილებით, რაც პოლიციელზე ძალადობასა და სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.
"აქციის მონაწილეების მხრიდან განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს 32 თანამშრომელი. დაშავებულების ნაწილს აღენიშნება მძიმე ხარისხის დაზიანებები თავის, თვალის და სხეულის სხვადასხვა მიდამოებში. მათგან 13 პირს ქირურგიული ჩარევა დაჭირდა. ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება 1 სამართალდამცველი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები აქციის დაწყებისთანავე იყვნენ მობილიზებულები რუსთაველის გამზირზე და იცავდნენ საზოგადოებრივ წესრიგს.
აქციის მიმდინარეობის დროს, აქციის მონაწილეთა ნაწილის მხრიდან არაერთხელ ჰქონდა ადგილი პროვოკაციულ ქმედებებს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენჯერმე მოუწოდა შეკრების ორგანიზატორებსა და აგრესიულ ჯგუფებს, რომ პროტესტი კანონით დადგენილ ჩარჩოებში გამოეხატათ, თუმცა ისინი არ დაემორჩილნენ პოლიციელთა მითითებებს, მიაყენეს მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაუპირისპირდნენ ფიზიკურად.
სხვადასხვა მედიასაშუალების პირდაპირ ეთერებში ნათლად ჩანდა, როგორ აზიანებდნენ აქციის მონაწილეები ინფრასტრუქტურას, გზის საფარს, ვიდეო-სამეთვალყურეო კამერებს. აქციის მონაწილეებმა ღამის განმავლობაში რუსთაველის გამზირზე გაურკვეველ ნივთებს წაუკიდეს ცეცხლი, აღმართეს ბარიკადები, დააზიანეს როგორც თბილისის მუნიციპალიტეტის ასევე კერძო პირთა ქონება, პოლიციის მიმართულებით ისროდნენ შუშის ბოთლებს, ქვებს, რკინის საგნებსა და პიროტექნიკას.
აღნიშნული ძალადობრივი ქმედებების აღკვეთის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გასული ღამის განმავლობაში არაერთხელ გამოიყენა კანონით დაშვებული სპეციალური საშუალებები. სპეციალური საშუალებების გამოყენებამდე ადგილზე ხდებოდა შეკრების მონაწილეების წინასწარი გაფრთხილება.
აქციის მიმდინარეობისას სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 და 173-ე მუხლების შესაბამისად დაკავებულია 43 პირი.
აქციაზე მომხდარ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353 -ე პრიმა და 187-ე მუხლის მეორე ნაწილებით მიმდინარეობს" - ნათქვამია განცხადებაში.
ივანიშვილის რეჟიმმა ევროკავშირთან გაწევრიანების პროცესი შეაჩერა
ევროკავშირს რუსული კანონის მიღების შემდეგ თავად ჰქონდა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეჩერებული და გაწევრიანების გზაზე დასაბრუნებლად რუსული კანონების გაუქმებას მოითხოვდა
ივანიშვილის პრემიერმინისტრმა 28 ნოემბერს თქვა, რომ თავად აჩერებს გაწევრიანების პროცესს 2028 წლამდე
პრეზიდენტმა ამ განცხადების შემდეგ დიპლომატიურ კორპუსთან საგანგებო შეხვედრა დანიშნა
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თვითორგანიზებული მოქალაქეების პროტესტის კერები გაჩნდა
დედაქალაქში მოქალაქეთა ნაწილი ქართული ოცნების ოფისთან შეიკრიბა
ოპოზიცია რეჟიმის გადაწყვეტილებას ღალატად აფასებს
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატიურ კორპუსთან და ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ, პოლიციას და ჯარს მიმართა
პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე სალომე ზურაბიშვილი მივიდა და სპეცრაზმის წარმომადგენლებს მიმართა
პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეების, მათ შორის, ჟურნალისტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა გამოიყენა.





