თბილისის საქალაქო სასამართლომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადირების მოთხოვნა დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მიიღო.
სხდომას დაკავებული ჟურნალისტი, აფგან სადიგოვიც ესწრებოდა, რომელიც 2 თვეა ციხეში შიმშილობს. სხდომაზე ის ეტლით მიიყვანეს.
დღევანდელ სხდომაზე პროკურატურამ სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადირების შუამდგომლობა დააყენა. რასაც არ დაეთანხმა დაცვის მხარე, რომლის განცხადებითაც, სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადირება, მისი დასჯის მიზნითაა მოთხოვნილი.
დაცვის მხარის განცხადებით, სადიგოვის ექსტრადირებაზე მიღებულ გადაწყვეტილებას შემდეგ ინსტანციაში გაასაჩივრებენ.
ცნობისთვის, 3 აგვისტოს, თბილისში აზერბაიჯანული მედიაგამოცემის, azel.tv-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი, აფგან სადიგოვი შინაგან საქმეთა სამინისტრომ აზერბაიჯანთან შემდგომი ექსტრადირების მიზნით დააკავა.
4 აგვისტოს სადიგოვს თბილისის საქალაქო სასამართლომ 3-თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა მიუსაჯა.