დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

ხამენეის უფროსი მრჩევლის თქმით, ირანი ისრაელისთვის "პასუხის გასაცემად" ემზადება

ალი ლარიჯანი

ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის უფროსი მრჩევლის, ალი ლარიჯანის თქმით, ირანი ისრაელისთვის "პასუხის გასაცემად" ემზადება. ამის შესახებ Reuters-ი ირანულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს

ცნობისთვის, 26 ოქტომბერს ისრაელმა ირანში სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანა. მალევე ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) განაცხადა, ეს იერიში პასუხი იყო "ბოლო თვეებში ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ ირანული რეჟიმის მხრიდან უწყვეტ თავდასხმებზე". 

ისრაელის 26 ოქტომბრის იერიშის შემდეგ, 2 ნოემბერს აიათოლა ხამენეი "დამანგრეველი საპასუხო რეაქციით დაიმუქრა". 

 

"მტრები, ეს იქნება სიონისტური რეჟიმი თუ აშშ, აუცილებლად მიიღებენ დამანგრეველ საპასუხო რეაქციას იმისთვის, რასაც ისინი ირანს, ირანელ ერსა და წინააღმდეგობის ფრონტს უკეთებენ". - თქვა ირანის უზენაესმა ლიდერმა ირანული სახელმწიფო მედიის მიერ გავრცელებულ ვიდეოში. 


1-ელ ოქტომბერს ისრაელმა სამხრეთ ლიბანში ჰეზბოლას წინააღმდეგ ლიმიტირებული და ლოკალური სახმელეთო ოპერაცია დაიწყო, რომლის სამიზნეც ტერორისტული ორგანიზაციის ინფრასტრუქტურა იყო. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ისრაელის მხრიდან წინ უძღოდა ლიბანში საჰაერო იერიშების კამპანია, რომლის ფარგლებშიც ისრაელის არმიას ჰეზბოლას სამხედრო დანიშნულების ობიექტებზე მიჰქონდა იერიში.

მანამდე, სექტემბერში, ისრაელმა ჰეზბოლას წინააღმდეგ იერიშებისა და თავდასხმების ახალი ტალღა დაიწყო. 17-18 სექტემბერს ლიბანში მომხდარი აფეთქებების შემდეგ, რის ფარგლებშიც ჰეზბოლას წევრებს ჯერ პეიჯერები, მეორე დღეს კი პორტატიული რაციებიც აუფეთქდათ, ისრაელის პრემიერმინისტრმა, თავდაცვის მინისტრმა და IDF-ის მეთაურმა განცხადებები გაავრცელეს, რაც ჰეზბოლასთან მიმართებით ვითარების გამწვავებაზე მიანიშნებდა. ხოლო 27 სექტემბერს, ისრაელის მიერ ბეირუთში ჰეზბოლას შტაბ-ბინაზე მიტანილი იერიშის შედეგად, ტერორისტული დაჯგუფების მეთაური, ჰასან ნასრალა დაიღუპა.

კომენტარები