ისრაელის საპასუხო იერიში ირანზე

IDF: ისრაელის თავდაცვის ძალებს ირანში სამხედრო სამიზნეებზე ზუსტი იერიშები მიაქვს

ისრაელის ავიაგამანადგურებელი F-15 I ჰაცერიმის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე, ნეგევის უდაბნოში, ქალაქ ბეერ-შევასთან
Jack Guez/AFP via Getty Images

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) არაბულენოვანი პრესსპიკერის, ავიხაი ადრაის ცნობით, IDF ამ დროისთვის თავს ესხმის სამხედრო ობიექტებს ირანში, რაც პასუხია "ბოლო თვეებში ირანული რეჟიმის უწყვეტ თავდასხმებზე ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ".

ცოტა ხნის წინ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელმა ირანის წინააღმდეგ 1-ელ ოქტომბერს მომხდარი თავდასხმისთვის საპასუხო იერიში დაიწყო.

სოციალურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ირანის დედაქალაქ თეირანში, სულ მცირე, 5 აფეთქების ხმა იყო, რაც ირანულ მედიაშიც დაადასტურეს.


ბოლო კვირებში ისრაელის სპეცსამსახურებმა და სამხედრო ძალებმა ჰეზბოლას წევრებზე იერიშებისა და თავდასხმებს ახალი ტალღა დაიწყეს. თავდაპირველად დაჯგუფების წევრებს აუფეთქდათ პეიჯერები, რის შედეგადაც, სულ მცირე, 12 მათგანი მოკვდა და ასობით კი დაშავდა. ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად განადგურებულია დაჯგუფების ლიდერთა მნიშვნელოვანი ნაწილი: 27 სექტემბერს დარტყმების შედეგად მოკვდა ჰეზბოლას მეთაური, ჰასან ნასრალა, რაც ტერორისტული დაჯგუფებისთვის ბოლო ათწლეულებში უდიდესი დანაკარგებია.

მოგვიანებით, 1-ელ ოქტომბერს, ისრაელმა ლიბანის სამხრეთში ლიმიტირებული სახმელეთო ოპერაცია დაიწყო, ხოლო ირანმა ამავე დღეს ისრაელის მიმართულებით 180 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, რომელთა "დიდი რაოდენობის" განეიტრალებაც ისრაელმა შეძლო.

ირანული რაკეტებისგან ისრაელის დაცვის პროცესში ასევე ჩართული იყო აშშ-ც, ხოლო იორდანიის საზოგადოებრივი უსაფრთხოების დირექტორატში განაცხადეს, რომ ირანიდან ისრაელისკენ გაშვებული დრონები და რაკეტები იორდანიის საჰაერო თავდაცვის სისტემებმაც ქვეყნის საჰაერო სივრცეში შესვლის დროს გაანეიტრალა.

IDF-ის ცნობით, ირანის იერიშის შედეგად "ძალიან ცოტა დარტყმა" მოხდა და ამ ეტაპზე, მათი ინფორმაციით, დაშავებულები არ არიან, რადგან "მოსახლეობა პასუხისმგებლობიანად მოიქცა".

მოგვიანებით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა პირობა დადო, რომ ირანის თავდასხმას ისრაელი პასუხს გასცემს: "ამ [სარაკეტო] იერიშს შედეგები მოჰყვება. ჩვენ გვაქვს გეგმები და ჩვენს მიერ შერჩეულ დროსა და ადგილზე ვიმოქმედებთ". - განაცხადა IDF-ის სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ.

კომენტარები