ფილიპინები

ფილიპინების ვიცეპრეზიდენტი პრეზიდენტს მოკვლით საჯაროდ დაემუქრა

24 ნოემბერს ფილიპინების ვიცეპრეზიდენტმა, სარა დუტერტემ განაცხადა, რომ ის დაუკავშირდა დაქირავებულ მკვლელს და საკუთარი სიკვდილის შემთხვევაში, პრეზიდენტის, ფერდინანდ მარკოს უმცროსის, მისი ცოლისა და წარმომადგენელთა პალატის სპიკერის მკვლელობა დაავალა. მან აღნიშნა, რომ ეს არ იყო ხუმრობა.

პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ ეს საჯარო მუქარა ეროვნული უსაფრთხოების საფრთხეს წარმოადგენდა, რის გამოც პრეზიდენტის დაცვა გააძლიერეს.

ფილიპინების სისხლის სამართლის მიხედვით ამგვარი საჯარო მუქარა თავისუფლების აღკვეთით ისჯება. მოგვიანებით, ვიცეპრეზიდენტმა, რომელიც პროფესიით იურისტია, განმარტა, რომ მისი განცხადება მუქარა არ იყო და ის საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნავდა.  

მარკოსმა და დუტერტემ ერთად 2022 წლის არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვეს. თუმცა, პრეზიდენტის პოლიტიკამ სხვადასხვა საკითზე, მათ შორის ჩინეთის ქმედებებზე სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, ვიცეპრეზიდენტისა და მის მხარდამჭერებში უკმაყოფილება გამოიწვია. 2024 წლის ივლისში დუტერტემ დატოვა პრეზიდენტის სამთავრობო კაბინეტი და გადადგა განათლების მინისტრის პოზიციიდან. მას შემდეგ, დუტერტე უწყვეტად აკრიტიკებს პრეზიდენტს, მის ოჯახის წევრებსა და წარმომადგენელთა პალატის სპიკერს. 

კომენტარები