ფილიფინების სამართალდამცავებლა 10 მარტს ფილიპინების ყოფილი პრეზიდენტი, როდრიგო დუტერტე დააკავა მას შემდეგ, რაც საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ (ICC) მისი დაკავების ორდერი გასცა. ICC ყოფილ პრეზიდენტს მისი ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში სდებს ბრალს.
79 წლის დუტერტე პოლიციამ ჰონკონგიდან მანილას აეროპორტში ჩამოფრენის შემდეგ მალევე აიყვანა.
ყოფილი პრეზიდენტის პრესსპიკერმა, სალვადორ პანელომ, დაგმო დუტერტეს დაკავება და მას "უკანონო" უწოდა, რადგან ფილიპინებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო (ICC) 2019 წელს დატოვეს. თავის მხრივ, ICC-მ ადრე განაცხადა, რომ მისი იურისდიქცია ფილიპინებზე იმ სავარაუდო დანაშაულებთან დაკავშირებით ვრცელდება, რომლებიც ქვეყანაში განხორციელდა სანამ ის სასამართლოს წევრი იყო.
"რა არის ჩემი დანაშაული? ჩემი მმართველობის განმავლობაში ყველაფერი მშვიდობისა და ფილიპინელი ხალხის მშვიდობიანი ცხოვრებისთვის გავაკეთე" - თქვა ჰონკონგის დატოვებამდე.
დუტერტე პრეზიდენტის თანამდებობას 2016-2022 წლებში იკავებდა. მისი ანტინარკოტიკული კამპანიის შედეგად, მთავრობის მონაცემებით, 6 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
წარსულში დუტერტემ აღიარა, რომ ნარკოტიკების გავრცელებასთან კავშირში ეჭვმიტანილები საკუთარი ხელითაც მოუკლავს.
ფილიპინების ყოფილი პრეზიდენტმა ადრე თქვა, რომ შესაძლო დაკავებისთვის მზად არის, თუ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო მისი დაკავების ორდერს გასცემს.
გასულ წელს კონგრესის მოსმენაზე, რომელიც მის მიერ ორგანიზებულ ნარკოტიკებთან ბრძოლის კამპანიას ეხებოდა, დუტერტემ განაცხადა, რომ არ ეშინია ICC-ს და სასამართლოს გამოძიების დაჩქარებისკენ მოუწოდა.





