ფილიპინები

არჩევნები ფილიპინებში: დემოკრატიის მარცხი ნოსტალგიასთან

ფილიპინები

არჩევნები ფილიპინებში: დემოკრატიის მარცხი ნოსტალგიასთან

პოსტსაბჭოთა სივრცისთვის ავტორიტარული სისტემის ნოსტალგია უცხო არ არის. რამდენიმე კვირის წინ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი დაინგრა, ქვეყანაში მხოლოდ "ნგრევა მიმდინარეობს ბოლო 30 წელია". ღარიბაშვილის სიტყვები ილუსტრაციაა იმისა, რომ ეკონომიკური არასტაბილურობის გამო მოქალაქე სისხლიანი, არადემოკრატიული რეჟიმის მიმართაც კი შეიძლება განეწყოს ნოსტალგიით. უკანასკნელ თვეებში ფილიპინებში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნების კამპანია ამის კარგი მაგალითია – მამის აჩრდილითა და შეცვლილი ისტორიული ნარატივებით მოგებული არჩევნები კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ პოლიტიკური პროცესის ჯანსაღად წარმართვისთვის წარსულის სწორად გააზრება და უახლესი ისტორიის არდავიწყება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. 

საპრეზიდენტო რესპუბლიკა ფილიპინებში 9 მაისს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნების ჯერ მხოლოდ ხმათა 95%-ია დათვლილი: დიქტატორის შვილმა, მარკო ფერნიდად უმცროსმა, ბონგბონგის სახელით ცნობილმა, 30 მილიონი, მთავარ კონკურენტზე ორჯერ მეტი ხმა მიიღო. მარკო როდრიგო დუტერტეს ჩაანაცვლებს. თავად დუტერტე კი ქვეყნის ექვსი წლით მართვის შემდეგ კონგრესმენად განაგრძობს პოლიტიკურ საქმიანობას. 

ბონგბონგ მარკოსი მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას

რაც შეეხება მომავალ ვიცეპრეზიდენტს, საბოლოო შედეგების გამოცხადებამდეც ნათელია, რომ გამარჯვება უკვე ექსპრეზიდენტის, როდრიგო დუტერტეს შვილმა, სარა დუტერტემ მოიპოვა. 

დუტერტეს მმართველობის დასრულებასთან ერთად, მნიშვნელოვან კითხვებად რჩება – როგორი იქნება ფილიპინების საგარეო პოლიტიკა, განსაკუთრებით ამერიკასა და ჩინეთთან მიმართებით, შეიცვლება თუ არა დუტერტეს ნარკოპოლიტიკა, რომელსაც უკვე 1 400-მდე ადამიანი ემსხვერპლა. თუმცა, ექსპერტთა შეფასებით, ეს არჩევნები, დუტერტეს შემცვლელის არჩევასთან ერთად, ფილიპინების დემოკრატიისთვის ერთგვარი ტესტია. შედეგების გათვალისწინებით, ქვეყანამ ისტორიული გაკვეთილი ვერ ისწავლა და არჩევანი ისევ წარსულის ყალბ ხატსა და კლანურ მმართველობაზე შეაჩერა. 

არჩევნები ფილიპინებში 

ფილიპინების 110-მილიონიანი მოსახლეობიდან 67 მილიონს არჩევნებში ხმის მიცემა შეუძლია. ამას ემატება 1.7-მილიონიანი დიასპორა, რომელიც ქვეყნის მიღმა დარეგისტრირდა. გუშინ, 9 მაისს ამომრჩეველი პირდაპირი წესით ირჩევდა არა მხოლოდ პრეზიდენტს, არამედ ვიცეპრეზიდენტს, სენატორებს, ქვედა პალატის წარმომადგენლებს, გუბერნატორებსა და ათასობით ადგილობრივ პოლიტიკოსს, მათ შორის, მერებსა და საკრებულოების წარმომადგენლებს. 

ფილიპინებში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური არ ტარდება. არჩევნებში იმარჯვებს ის კანდიდატი, რომელიც ხმათა უმრავლესობას მიიღებს. 

ფილიპინებში პოლიტიკა და, შესაბამისად, კამპანია და საარჩევნო პროცესი, სახიფათო საქმიანობად ითვლება. ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი სისხლისღვრა, მაგუინდანაოს ხოცვა-ჟლეტის სახელით ცნობილი, 2009 წელს მოხდა: კანდიდატმა ტოტო მანგუდადატუმმა, რომელიც ამპატუანის ოჯახის 20-წლიანი მმართველობის დასრულებას ცდილობდა, საკუთარი ოჯახის წევრები და მხარდამჭერები არჩევნებში კენჭისყრის უფლების მოსაპოვებლად სახელმწიფო უწყებაში საჭირო დოკუმენტების შესატანად გაგზავნა. კოლონას კონკურენტი პარტიის წარმომადგენლები ჩაუსაფრდნენ და 58-მდე დემონსტრანტი, მათ შორის, 30-მდე ჟურნალისტი ჩაცხრილეს

წელს პოლიცია იმავე რეგიონში სამი ადამიანის მკვლელობას იძიებს. მათ საარჩევნო უბანთან ახლოს ესროლეს. ჯერჯერობით, თავდამსხმელთა ვინაობა და მკვლელობის მოტივი უცნობია

2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში 10-მდე კანდიდატი მონაწილეობდა. წარმატება, როგორც უკვე აღინიშნა, დიქტატორის შვილს, მარკო უმცროსს ხვდა წილად, რომლის მთავარი კონკურენტი ლენი რობრედო იყო. იგი პოლიტიკაში 2013 წელს, მას შემდეგ ჩაერთო, რაც მისი ასევე პოლიტიკოსი მეუღლე გარდაიცვალა. რობრედო კამპანიისას ვიცეპრეზიდენტი იყო და 2 მილიონამდე მხარდამჭერი მოხალისის ორგანიზება შეძლო. მისი მიმდევრებისთვის იგი ავტორიტარული სისტემისგან გათავისუფლების შანსად აღიქმება.

 

რომბრედოს კამპანია Pink Revolution: მარკოსის დინასტიის შესაჩერებლად
ABS-CBN

არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე პოლიტოლოგი რონალდ ჰოლმსი, რომელიც უკანასკნელი 30 წელია ფილიპინებში მიმდინარე არჩევნებს აკვირდება, Foreign Affair-თან აღნიშნავდა, რომ ეს არჩევნები "რეფერენდუმია და ხალხი პოლიტიკურ სისტემას ირჩევს". მისი განმარტებით, არჩევნების შედეგები უბრალოდ მარკოსის რეაბილიტაციას კი არ უზრუნველყოფს, არამედ ამით განისაზღვრება, ქვეყანა "განაგრძობს უკუსვლას და დარჩება საარჩევნო ავტოკრატიად თუ შეძლებს გარდამავალი სამართლიანობის უზრუნველყოფასა და დემოკრატიული ინსტიტუტების ეროზიის შეჩერებას".

ვინ არის მამა?

მარკოსის არჩევა უკავშირდება მამის, უფროსი მარკოსის ისტორიულ ხატს, რომელიც ქვეყანას 1965 წლიდან ორი ათწლეული მართავდა - აქედან თითქმის ნახევარი საომარი მდგომარეობის პირობებში. Amnesty International-ის ცნობით, საომარი მდგომარეობისას 3 240 ადამიანი მოკლეს, ათობით ათასი კი აწამეს და დააპატიმრეს. 

საერთაშორისო გამჭვირვალობის 2004 წელს გამოქვეყნებული ინფორმაციით, მარკოსებმა ფილიპინელი ხალხისგან 5-დან 10 მილიარდამდე დოლარი მოიპარეს. სახელმწიფომ მათი საბანკო ანგარიშების, უძრავი ქონების, ნახატებისა და ძვირფასეულობის დაყადაღებით 4 მილიარდი დოლარი ამოიღო. 

ექსპერტთა შეფასებით, ფილიპინები, სავარაუდოდ, მხოლოდ 2025 წლისთვის მოახერხებს მარკოსის ეპოქიდან მემკვიდრეობითი მიღებული ვალის დაფარვას. მმართველობის 20-წლიან პერიოდში მეზობელი სახელმწიფოების - ტაივანის, სამხრეთ კორეისა და სინგაპურისგან განსხვავებით, მარკოსმა ვერ შეძლო, ეკონომიკური სასაწაულისთვის მიეღწია.

ბონგბონგი მამამისთან ერთად

1986 წელს, მაშინ, როცა მომიტინგეები მათ სასახლეში შეიჭრნენ, დიქტატორის ცოლი და უკვე პრეზიდენტის დედა ბრილიანტებით სავსე პამპერსების ყუთით გაიქცა. სახლში კი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ფეხსაცმელების კოლექცია დატოვა. 

3 წლის შემდეგ, როცა ჰავაიზე ყოფილი დიქტატორი გარდაიცვალა, მარკოსების ოჯახმა ისტორიული კონტექსტის შეცვლით – დიქტატორის მმართველობის პერიოდის ოქროს პერიოდად დახასიათებით, ძალაუფლების აღდგენა დაიწყო. 

1991 წლისთვის ოჯახი ფილიპინებს დაუბრუნდა. ერთ წელზე ნაკლები ხნის შემდეგ იმელდამ საპრეზიდენტო არჩევნებში იყარა კენჭი, თუმცა წარმატებას ვერ მიაღწია. სამაგიეროდ, ბონგბონგმა შეძლო ჯერ წარმომადგენელთა პალატაში და შემდეგ სენატში ადგილის მოპოვება. 1995 წლისთვის ბონგბონგის დედამაც მოიპოვა ადგილი საკანონმდებლო ორგანოში, ეს წარმატება 1998 წელს მაკროს დამ გაიმეორა. მეტიც, და, ბონგბონგის მსგავსად, სენატორიც გახდა. 

მიუხედავად იმისა, რომ მარკოს უმცროსი ქვეყნის დიქტატურაში დაბრუნებას მხარს ღიად არ უჭერს, ყოფილი სენატორი მაინც ამტკიცებს, რომ თუ მამამის საკუთარი გეგმების განხორცილებას დააცდიდნენ, ფილიპინები სინგაპურის მსგავსი სახელმწიფო იქნებოდა. 

მისი კომენტარი საკმაოდ ირონულია, თუ გავითვალისწინებთ, რომ თავად თანამედროვე სინგაპურის "შემოქმედმა", ლი კუანმა მარკოს უფროსის შეფასებისას აღნიშნა, რომ იგი მომხვეჭელი მმართველია, რომელმაც საკუთარ ოჯახს ნება დართო, ქვეყანა მონოპოლიის დახმარებით "დაეცარიელებინათ", შედეგად კი, მისი თქმით, მთავრობას დიდი ვალი დაედო.

ვინ არის შვილი?

1980 წელს პოლიტიკური კარიერა დიქტატორის შვილმა და დღეს უკვე ფილიპინების პრეზიდენტმა მშობლიურ ქალაქში, იოკოს ნორტში დაიწყო. როგორც უკვე ითქვა, 64 წლის მარკოსი პრეზიდენტობამდე ჯერ კონგრესმენი, შემდეგ კი სენატორი იყო. მისი კამპანიის მთავარი იარაღი ახალგაზრდა ამომრჩეველზე გათვლილი სოციალური მედიაა. 

მარკოს უმცროსი ინგლისის კერძო Worth School-სა და ოქსფორდის უნივერსიტეტში სწავლობდა: მართალია, ოფიციალურ ბიოგრაფიაში აღნიშნულია, რომ მან ოქსფორდი "დაამთავრა", თუმცა უნივერსიტეტის ცნობით, იგი სოციალურ კვლევებში მხოლოდ "სპეციალურ დიპლომს" ფლობს.

ოჯახის მსგავსად, მარკოს უმცროსიც ბიუჯეტის თანხის მოპარვაშია ბრალდებული: 1995 წელს ის გადასახადებისგან თავის არიდების გამო გაასამართლეს. მანამ, სანამ სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას შეცვლიდა, მან ჯარიმების გადახდით ციხეს თავი დააღწია.

აღსანიშნავია, რომ მაშინ, როცა ქვეყანას დუტერტე მართავდა, ძლიერდებოდა სოციალური პლატფორმების ქსელი, რომელიც ბონგბონგმა საპრეზიდენტო კამპანიისას წარმატებით გამოიყენა. ყალბ ამბებთან მიმართებით ფილიპინები განსაკუთრებით მოწყვლადია, რადგან მოსახლეობის დაახლოებით 90% ინფორმაციას ონლაინ იღებს და მათგან ფაქტისა და ყალბი ამბის ერთმანეთისგან გარჩევა მცირე ნაწილს შეუძლია.

კარტელური პოლიტიკა

ფილიპინებს დიდწილად ელიტური ოჯახები აკონტროლებს: ქვეყანაში არჩეული თანამდებობების 70%-ს პოლიტიკური დინასტიის წარმომადგენელი იკავებს, კონგრესმენთა 80% ელიტის წარმომადგენელია.

2010-იანი წლების დასაწყისში, სწრაფი ეკონომიკური ზრდის ფონზე, მსოფლიო ბანკის ცნობით, 40-მა უმდიდრესმა ოჯახმა, რომლებიც ასევე აკონტროლებენ პოლიტიკურ პარტიებსა და ძირითად მედიასაშუალებებს, ახლადშექმნილი კეთილდღეობის სამი მეოთხედი შთანთქა. ამის პარალელურად კი სამთავრობო უწყებების დაფინანსება ისევ მიზერულია, შესაბამისად – ჭარბადაა კორუფციისა და პოლიტიკური დაშინების შემთხვევები. 

მარკოსისა და დუტერტეს მხარდაჭერი პლაკატი

ფილიპინების დილიმანის უნივერსიტეტის პროფესორის, არის არუგაის თქმით, ამ სტანდარტების გათვალისწინებითაც კი მარკოსისა და დუტერტეს დაწყვილება, როგოც პრეზიდენტისა და ვიცეპრეზიდენტის, კლანურ პოლიტიკას კიდევ უფრო ახალ საფეხურზე გადაიყვანს. პროფესორის შეფასებით, ამ თაობის დინასტია  ე.წ. კარტერული სისტემის პოლიტიკას აწარმოებს. მათი პრინციპი შემდეგია: მოდი, გავინაწილოთ ძალაუფლება, შევზღუდოთ კონკურენცია და დავრწმუნდეთ, რომ მომავალ არჩევნებში გამარჯვებული ისევ ჩვენი წრიდან იქნება. 

შედეგად, კარიკატურულ დემოკრატიას ვიღებთ, რომლის შეცვლაც და გარდაქმნაც რთულია. დემოკრატიის წარუმატებლობაში ბრალეულია პოლიტიკური ელიტაც, რომელიც მარკოსის შემდეგ ქვეყნის დემოკრატიულ ტრანსფორმაციას ხელმძღვანელობდა. ამ პრობლემას დამატებით ის აძლიერებს, რომ პროდემოკრატიულმა ძალებმა მორალური უპირატესობა დაკარგეს, რადგან ჯერ დუტერტე და ახლა უკვე მარკოსი არჩევნების გზითმოვიდნენ - "ანტიდემოკრატიულმა" ძალებმა დემოკრატიულ პოლიტიკოსებს ბრძოლა მათივე მოედანზე მოუგო. 

წარსულის ცვლილება – History (does not) Have Its Eyes on You

დიქტატორის სიკვდილის შემდეგ, მარკოსების ოჯახი შლიდა და წერდა ისტორიას, "პროპაგანდა" განსაკუთრებით ახალგაზრდა ამომრჩევლების მიმართ იყო ძლიერი, რადგან მათ არ ახსოვთ დიქტატურა. ამ ყველაფერს კი ხელს უწყობდა სასკოლო სახელმძღვანელოებიც, რომლებიც 1980-იანი წლების შემდეგ, ძირითადად, უცვლელი დარჩა. სკოლის წიგნებში კვლავ ადიდებდნენ უფროს მარკოსაა და მის ხედვას "ახალი საზოგადოების" შესახებ, რაც, დიქტატორის ხედვით, ფილიპინებში სიღარიბესა და უთანასწორობას დაასრულებდა.

1989 წელს გარდაცვლილი დიქტატორის სხეული 1993 წლიდან მის მშობლიურ ქალაქში, მაცივარში ინახებოდა. 2016 წელს კი გამომსვლელებისგან საიდუმლოდ, პრეზიდენტის ინიციატივით, სამხედრო პატივით დაკრძალეს

ისტორიულ ვაკუუმთან ერთად, პრობლემურია მართლმსაჯულების გაუმართავობა. პოლიტიკური მეცნიერებებისა და საერთაშორისო კვლევების პროფესორი, ხულიო თეჰანკი აღნიშნავს, რომ სამოქალაქო და პოლიტიკური დაპირისპირების გამოცდილების მიუხედავად, ფილიპინებმა სასამართლოს გაუმჯობესება ვერ შეძლო. თაჰანკის განმარტებით, ელიტურმა წრეებმა მარკოსები მიიღეს, როგორც ცნობადი და პოპულარული სახეები, სასამართლო კი არ იყო საკმარისად მყარი, რომ დამნაშავეები დაესაჯა და ეს მიმღებლობა შეეჩერებინა. დუტერტეს არჩევა დემოკრატიული ძალების "გამოღვიძებადაა" შეფასებული, მარკოსის გამარჯვება კი შეგვიძლია დემოკრატიული ელიტების "არასაკმარის განგაშის ზარს" მივაწეროთ. 

"მარკოსი გმირი არაა" – დემონსტრანტები აპროტესტებენ უფროსი მარკოსის გმირულად დაკრძალვას

ფილიპინებში დემოკრატიაზე დიქტატორის ნოსტალგიის გამარჯვების თარიღი ჩვენთვის კიდევ უფრო სიმბოლურია, რადგან, მართალია, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში კითხვას – როდის, 9 თუ 8 მაისს, უნდა აღინიშნოს ფაშიზმზე გამარჯვება, პასუხი უკვე დიდი ხანია, გაეცა, თუმცა ისევ ღია კითხვად რჩება, თუ რა ისტორიული გაკვეთილები გვერგო ტოტალიტარული სისტემისგან მემკვიდრეობით. ესპანელი ავტორი, ჯორჯ სანტაიანა წერს – "ვინც წარსულს ივიწყებს, მისი განმეორებისთვის განწირულია". ფილიპინებმა ფრაზა გაამართლა –ნამდვილი ამბების დავიწყებით დიქტატურა გამოგონილმა "ოქროს ხანის" ნოსტალგიამ ჩაანაცვლა. სწორედ ამ ნოსტალგიამ გაუხსნა გზა მარკოსთა ხელახალ აღორძინებას.

წარსულის გაკვეთილებთან ერთად, ფილიპინების არჩევნები კიდევ ერთი გაფრთხილებაა – უახლესი წარსულის უგულებელყოფამ მივიწყებული აჩრდილები, შესაძლოა, სხვა ფორმითა და შინაარსით კვლავ გააღვიძოს.

კომენტარები