ონისე ოქრიაშვილის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და დარბაზიდან გათავისუფლდა.
ნიკო ხურცილავას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 -ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა) აქვს წარდგენილი.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 22 ივლისს, ღამის საათებში, თბილისში, ქართველი მწერლის ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფის გამო, ბრალდებული ფიზიკურად გაუსწორდა ონისე ოქრიაშვილს, რომელსაც ხელი რამდენჯერმე დაარტყა თავის და სხეულის სხვადასხვა არეში, რის გამოც დაზარალებულმა ფიზიკური ტკივილი განიცადა.
სამართალდამცავებმა ბრალდებული მომხდარი ფაქტიდან რამდენიმე საათში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 -ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა) წარედგინა." - განაცხადა პროკურატურამ.
ონისე ოქრიაშვილს 3 ადამიანი სახლთან 22 ივლისს დახვდა და ფიზიკურად გაუსწორდა, რის შედეგადაც ის კლინიკაში გადაიყვანეს. მისმა მეუღლემ, მარიამ სამუშიამ მედიასთან აღნიშნა, რომ ფიზიკურ ანგარიშსწორებამდე ოქრიაშვილს უთხრეს - "შენ ხომ ის ხარ, ნოდარ დუმბაძეს რომ აგინაო?!"
თავდამსხმელები ფიზიკური ანგარიშსწორების დროს ნოდარ დუმბაძეს ახსენებენ, ეს მედიაში გავრცელებულ ვიდეოშიც ისმის.
შსს-მ ერთი ადამიანი დააკავა, რომელიც მათი განცხადებით, "დანაშაულის ჩადენიდან მალევე ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში გამოცხადდა".
ოქრიაშვილზე თავდამსხმელმა ნიკო ხურცილავამ 23 ივლისს წინასწარი მოთავსების იზოლატორიდან წერილი გაავრცელა, სადაც წერდა, "მე დავისაჯო კი ბატონო, მაგრამ რამენაირად მოვახერხოთ, ამ მართლა აგენტების ასეთი ანტიქართული მოქმედებები არ გავატაროთ და მომავალი თაობები არ მოვაწამვლინოთ სიცილ-კისკისში და სხვადასხვა გზებით შემოპარებული ანტიქართული საწამლავით."
გუშინ, ივანიშვილის დეპუტატმა დიტო სამხარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, "მინდა, ჩემი დეპუტატის მანდატი გამოვიყენო და, თუ ნიკო ხურცილავას სურვილი იქნება, თავდებში დავუდგე, რათა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლონ!"




