ფილიპინები

ფილიპინების ყოფილი პრეზიდენტის თქმით, მზად არის დააკავონ, თუ ICC შესაბამის ორდერს გასცემს

როდრიგო დუტერტე
AP

ფილიპინების ყოფილი პრეზიდენტის, როდრიგო დუტერტეს განცხადებით, შესაძლო დაკავებისთვის მზად არის, თუ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო მისი დაკავების ორდერს გასცემს. 

"ვთქვათ, რომ ეს [ორდერი] მართალია, რატომ გავაკეთე ეს? ჩემი თავისთვის? ჩემი ოჯახისთვის? თქვენთვის და თქვენი შვილებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის". - განაცხადა დუტერტემ 9 მარტს ჰონგ-კონგში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე.

გასულ წელს კონგრესის მოსმენაზე, რომელიც მის მიერ ორგანიზებულ ნარკოტიკებთან ბრძოლის კამპანიას ეხებოდა, დუტერტემ განაცხადა, რომ არ ეშინია ICC-ს და სასამართლოს გამოძიების დაჩქარებისკენ მოუწოდა. 

"თუ ეს არის ჩემი ბედი, კარგი, ამას მივიღებ. ვერაფერს შევცვლით, თუ დამაკავებენ ან ციხეში ჩამსვამენ". - თქვა მან.

ფილიპინების ამჟამინდელი პრეზიდენტის, ფერდინანდ მარკოს უმცროსის განცხადებით, ინტერპოლიდან ოფიციალური შეტყობინება არ მიუღიათ. 

"ჩვენი სამართალდამცავები მზად არიან დაიცვან კანონი, თუ ინტერპოლის მოთხოვნის საფუძველზე დაკავების ორდერის შესრულება იქნება საჭირო". - განუცხადა პრეზიდენტის კომუნიკაციების ხელმძღვანელის მოადგილემ, კლერ კასტრომ მედიასთან.

დუტერტე პრეზიდენტის თანამდებობას 2016-2022 წლებში იკავებდა. მისი ანტინარკოტიკული კამპანიის შედეგად, მთავრობის მონაცემებით, 6 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. 

წარსულში დუტერტემ აღიარა, რომ ნარკოტიკების გავრცელებასთან კავშირში ეჭვმიტანილები საკუთარი ხელითაც მოუკლავს.

"მსურდა მეჩვენებინა პოლიციისთვის, რომ თუ ამის გაკეთება შემიძლია მე, მაშინ რატომ არ შეუძლიათ მათ? დავაოში მე დავდიოდი მოტოციკლით, უბრალოდ ვპატრულირებდი ქუჩებში, ვეძებდი პრობლემებს, რათა მოკვლის საშუალება მქონოდა", - თქვა როდრიგო დუტერტემ.

კომენტარები