დაძაბულობა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში

ფილიპინები მეზობლებს მოუწოდებს, სამხრეთ ჩინეთის ზღვაში პეკინის ამბიციებს წინ აღუდგნენ

ფილიპინების პრეზიდენტი, ფერდინანდ მარკოს უმცროსი მელბურნში მიმდინარე სამიტზე სიტყვით გამოსვლისას, 2024 წლის 4 მარტი
AP Photo/Hamish Blair

ფილიპინების პრეზიდენტმა, ფერდინანდ მარკოს უმცროსმა 4 მარტს, მელბურნში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის სამიტის მიმდინარეობისას თქვა, რომ მას არ ჰქონდა სხვა გზა, გარდა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში პეკინის მზარდი ამბიციების ფონზე ქვეყნის ტერიტორიების დაცვისა.

"სამწუხაროა, რომ მიუხედავად საერთაშორისო კანონმდებლობით გათვალისწინებული სიცხადისა, პროვოკაციული, ცალმხრივი და უკანონო ქმედებები კვლავ არღვევს ჩვენს სუვერენიტეტს, ჩვენს სუვერენულ უფლებებსა და იურისდიქციას... სხვა არჩევანი უბრალოდ არ გვაქვს. უნდა დავიცვათ რესპუბლიკის ტერიტორია. ეს არის ლიდერის უპირველესი მოვალეობა. ფილიპინების ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხე არ უნდა დაემუქროს და თუ მუქარა იქნება, ჩვენ ამ საფრთხისგან თავი უნდა დავიცვათ". - თქვა მარკოსმა Lowy Institute-ის საერთაშორისო პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრის წინაშე სიტყვით გამოსვლისას.

"რეგიონში ზღვებისა და ოკეანეების ერთობლივი მეთვალყურეობა გვავალდებულებს, საერთაშორისო სამართლის უზენაესობის შესანარჩუნებლად გავერთიანდეთ... ის ასევე მოგვიწოდებს, მტკიცედ ვიდგეთ ერთად იმ ქმედებების წინააღმდეგ, რომლებიც ეწინააღმდეგება ან არ შეესაბამება საერთაშორისო სამართალს". - თქვა მანალომ.

დღესვე ფილიპინების საგარეო საქმეთა მინისტრმა, ენრიკე მანალომ მეზობელ სახელმწიფოებს მოუწოდა, სამხრეთ ჩინეთის ზღვაში კანონის უზენაესობის დასაცავად ერთად უფრო მტკიცედ დადგნენ. მარკოსიც და მანალოც გულისხმობდნენ ჰააგის სასამართლოს 2016 წლის საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას, რომელმაც სამხრეთ ჩინეთის ზღვაზე პეკინის ტერიტორიული პრეტენზიები უსაფუძვლოდ მიიჩნია. ჩინეთმა გადაწყვეტილება არ მიიღო, უკანასკნელ პერიოდში კი თავისი პრეტენზიების მხარდასაჭერად ზღვაში შექმნილ ხელოვნურ კუნძულებზე გარნიზონებიც განათავსა.

ფილიპინების ოფიციალური პირების განცხადებებს გამოეხმაურა ოფიციალური პეკინი. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაო ნინგმა მანილა დაადანაშაულა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში პროვოკაციულ ქმედებებში, რაც, მისი თქმით, ჩინეთის სუვერენიტეტსა და საზღვაო ინტერესებს ძირს უთხრის.

"ჩინეთმა მიიღო აუცილებელი ზომები კანონების შესაბამისად, რათა დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და ინტერესები. არ არსებობს ე.წ. ჩინური შევიწროება ფილიპინების გემებზე". - თქვა მაომ.

მდიდარი რესურსებითა და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სავაჭრო გზების სიმრავლით გამორჩეულ სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, სადაც ხანგრძლივი ტერიტორიული დავები მიმდინარეობს, ეს სიტუაციის უახლესი გამწვავებაა.

ჩინეთი პრეტენზიას აცხადებს სამხრეთ ჩინეთის ზღვის 90%-ზე, რომელშიც ვიეტნამის, მალაიზიის, ბრუნეის, ინდონეზიისა და ფილიპინების ეკონომიკური ზონების ნაწილებიც შედის.

კომენტარები