ვენესუელა

აშშ-მ ვენესუელის პრეზიდენტად ედმუნდო გონსალესი აღიარა

ედმუნდო გონზალესი
Associated Press

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვენესუელის პრეზიდენტად ოპოზიციის ლიდერი ედმუნდო გონსალესი აღიარა. ამასთან დაკავშირებით 20 ნოემბერს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა თავის X-ზე დაწერა. მისი თქმით 28 ივლისს ვენესუელელმა ხალხმა თავისი პოზიცია მკაფიოდ გამოხატა და პრეზიდენტად ედმუნდო გონსალესი აირჩია.

"28 ივლისს ვენესუელელმა ხალხმა თავისი პოზიცია ხმამაღლა გამოხატა და პრეზიდენტად ედმუნდო გონსალესი აირჩია. დემოკრატია ამომრჩეველთა ნების პატივისცემას ითხოვს". - წერს ბლინკენი.

თავის მხრივ, გონსალესმა მადლობა გადაუხადა აშშ-ს ამ ნაბიჯისთვის: "ჩვენ ძალიან ვაფასებთ ვენესუელელი ხალხის სუვერენული ნების აღიარებას. ეს ჟესტი გამოხატავს პატივისცემას ჩვენი ხალხის სურვილისა და მათი სამოქალაქო გმირობისადმი, რომელსაც ჩვენ ყველამ ერთად მივაღწიეთ 28 ივლისს". - თქვა მან.

ვენესუელის მოქმედმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ივან ხილმა გააკრიტიკა ბლინკენის განცხადება და მას ვენესუელის საყოველთაოდ ცნობილი მტერი უწოდა.


29 ივლისს ვენესუელის საარჩევნო კომისიამ გამოაცხადა, რომ ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში ისევ ნიკოლას მადურომ გაიმარჯვა. შედეგების გამოცხადებას ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციათა ტალღა მოჰყვა.

არჩევნების შედეგებს ცივილიზებული სამყაროს არცერთი ქვეყანა არ ცნობს, მათ შორის, აშშ, რომელიც არჩევნებში გამარჯვებულად სწორედ ედმუნდო გონსალესს აღიარებს. შედეგებს აღიარებს მადუროს რეჟიმის მხარდამჭერი ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა რუსეთი, ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა და ა.შ. 

მიუხედავად მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ლიდერების მოწოდებებისა, ავტოკრატის მიერ კონტროლირებადი საარჩევნო კომისია ოფიციალურ შედებს უბნის დონეზე დღემდე არ ასაჯაროებს. 

მადურო ვენესუელას პრეზიდენტის პოსტს 2013 წლიდან იკავებს. მისი პარტია, ვენესუელას ერთიანი სოციალისტური პარტია (PSUV) უკვე 25 წელია, ქვეყნის მმართველი პარტიაა. 1998 წლიდან 2013 წლამდე პარტიის ლიდერი და ქვეყნის პრეზიდენტი უგო ჩავესი იყო. 

2018 წლის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებიც, რომელიც მადურომ მოიგო და ვენესუელას პრეზიდენტი მეორე ვადით გახდა, მსოფლიო ქვეყნების აბსოლუტურმა უმრავლესობამ არ აღიარა. 

კომენტარები