ჩინეთში, ჰუნანის პროვინციაში დაწყებით სკოლასთან ავტომანქანა ხალხში შევარდა.
შესაძლო მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუმცა სახელმწიფო მედიის თქმით, რამდენიმე ადამიანი საავადმყოფოში იმყოფება და "რამდენიმე მოსწავლე და ზრდასრული დაშავდა და მიწაზე დაეცა".
ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ ქუჩაზე ავტომობილის გავლილ გზაზე, სულ მცირე, 5 ადამიანი წევს, მათ შორის, ერთი მოსწავლე ზურგჩანთით.
როგორც BBC წერს, ჩინურ სოციალურ ქსელ WeChat-ის კერძო ანგარიშში გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, რომ რამდენიმე ბავშვი მიწაზე წევს, სხვები კი შემთხვევის ადგილიდან გარბიან.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ სხვა ვიდეოში ჩანს, რომ ერთ-ერთი პირი თავდამსხმელის მანქანას ნიჩაბს ურტყამს, რის შემდეგაც მძღოლი გადმოდის, გამვლელები კი ჯოხებით სცემენ.
მანქანის მძღოლი მშობლებმა და სკოლის დაცვის თანამშრომლებმა შეაჩერეს და პოლიციას გადასცეს.
პოლიციის თქმით, შემთხვევასთან დაკავშირებით 39 წლის კაცი დააკავეს, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებიათ და თქვეს, რომ გამოძიება მიმდინარეობს.
"დაახლოებით თორმეტამდე ადამიანი დაშავდა, ზოგი სერიოზულად, მაგრამ, საბედნიეროდ, სასწრაფო ძალიან მალე გამოცხადდა. [...] ექვსმა ან შვიდმა მშობელმა იძულებით შეაჩერა იმ პირის მანქანა, რომელმაც სხვებს დაარტყა. დაცვაც კი დაეცა. დაცვა საკმაოდ მოხუცია, 70-80 წლის და ბევრი ვერაფერი გააკეთა". - თქვა სკოლის მოსწავლის ერთ-ერთმა მშობელმა BBC-სთან საუბრისას.
მანამდე, 11 ნოემბრის ღამეს ჩინეთის სამხრეთით მდებარე ქალაქ ჭუხაიში მსგავსი შემთხვევა მოხდა. სპორტული ცენტრის გარეთ სავარჯიშოდ შეკრებილ ხალხში ავტომანქანა შევარდა და 35 ადამიანი მოკლა.
17 ნოემბერს, ჩინეთის საოლქო ქალაქ ისინგში მდებარე პროფესიულ სასწავლებელში დანით თავდასხმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 17 კი დაშავდა. 21 წლის ბრალდებული კაცი ადგილზე დააკავეს.
ოქტომბერში პეკინში პოლიციამ 50 წლის კაცი დააკავა, რომელმაც დაწყებით სკოლასთან 5 ადამიანი დაჭრა, მათ შორის, 3 ბავშვი.
სექტემბერში, შანხაიში, სუპერმარკეტში დანით თავდამსხმელმა 3 ადამიანი მოკლა და 15 დაჭრა. ასევე სექტემბერში, შანტონგის პროვინციის ქალაქ თაიანში მდებარე სკოლის გარეთ ავტობუსი მოსწავლეებისა და მათი მშობლების ჯგუფში შევარდა და 11 მათგანი მოკლა.