გამოცემა Reuters-თან საუბრისას უფროსმა ლიბანელმა მაღალჩინოსანმა თქვა, რომ ლიბანი და ჰეზბოლა ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტის აშშ-ს მიერ წარდგენილ პირობებზე თანახმა არიან, თუმცა შიგთავსზე თავიანთი "კომენტარები" აქვთ.
ამასთან დაკავშირებით ისრაელს ჯერჯერობით განცხადება არ გაუვრცელებია.
ლიბანის პარლამენტის სპიკერის, ნაბიჰ ბერის თანაშემწემ, ალი ჰასან ხალილმა გამოცემასთან თქვა, რომ ლიბანმა თავისი წერილობითი პასუხი აშშ-ს ელჩს ორშაბათს, 18 ნოემბერს, გადასცა, თეთრი სახლის სპეციალური ელჩი, ამოს ჰოხშტაინი კი მოლაპარაკებების გასაგრძელებლად ბეირუთში მიემგზავრებოდა.
"ლიბანმა თავისი წერილობითი კომენტარები დადებით ატმოსფეროში წარადგინა. [...] ყველა კომენტარები, რომელიც წარვადგინეთ, ადასტურებს გაეროს 1701-ე რეზოლუციისა და ყველა მისი პირობის მკაცრ ერთგულებას". - თქვა ხალილმა.
გამოცემასთან საუბრისას ხალილი ირწმუნებოდა, რომ თუ ისრაელს გამოსავალი არ სურს, "100 პრობლემას შექმნის".
მანამდე, გამოცემა AFP ავრცელებდა ცნობას, რომ ბეირუთმა აშშ-ს შეთავაზებულ ცეცხლის შეწყვეტის პირობებს დიდწილად მხარი დაუჭირა და საბოლოო კომენტარებს ამზადებდა.
"დიდი პროგრესი გვაქვს. ლიბანს ამ შეთავაზებაზე ძალიან დადებითი წარმოდგენა აქვს". - თქვა ერთ-ერთმა სამთავრობო წარმომადგენელმა, AFP-ის მიხედვით.
გამოცემა Axios-ის თანახმად, ცეცხლის შეწყვეტის უახლესი გეგმა 60-დღიან გარდამავალ პერიოდს მოიცავს, რომლის განმავლობაშიც ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) სამხრეთ ლიბანიდან გავლენ, ლიბანის შეიარაღებული ძალები საზღვართან ახლოს განლაგდებიან, ჰეზბოლა კი თავის მძიმე შეიარაღებას ლითანის ჩრდილოეთით გადაიტანს.
ამ განცხადებამდე რამდენიმე თვით ადრე, ისრაელმა ირანის მხარდაჭერილი ტერორისტული დაჯგუფების თავდასხმების საპასუხოდ ჰეზბოლას წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციები დაიწყო, 1 ოქტომბერს კი ლიბანში ლიმიტირებული სახმელეთო ოპერაცია გამოაცხადა.





