ჩრდილოეთ კორეამ რუსეთთან ორმხრივი თავდაცვის სტრატეგიული შეთანხმების რატიფიცირებას ხელი მოაწერა.
ჩრდილოეთ კორეის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო KCNA-ს ცნობით, შეთანხმება "ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის განკარგულების მიხედვით დამტკიცდა".
KCNA-ს ინფორმაციით, ხელშეკრულება ძალაში ორივე რატიფიცირებული დოკუმენტის გაცვლის დღეს შევა.
პუტინმა ხელშეკრულების რატიფიცირების შესახებ კანონს ხელი 9 ნოემბერს მოაწერა.
ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჩოე სონ ჰუი ნოემბრის დასაწყისში მოსკოვში იყო ჩასული. მინისტრის თქმით, ფხენიანი "რუს თანამებრძოლებს გამარჯვების დღემდე გვერდში დაუდგება". მან უკრაინაში რუსეთის დაწყებულ ომშ "წმინდა ბრძოლა" უწოდა.
ქვეყნებს შორის დადებული შეთანხმება მოიცავს ორმხრივ თავდაცვის დებულებას - ორივე მხარე ვალდებულია დაეხმაროს მეორეს შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში. ორივე ქვეყნის ლიდერმა ხელშეკრულებას ხელი ივნისში, ფხენიანში გამართული სამიტის შემდეგ მოაწერა.
ამასთან ერთად, ორივე ქვეყანა იღებს ვალდებულებას, რომ არ გააფორმებენ რომელიმე მხარეს საწინააღმდეგოდ მიმართულ შეთანხმებას მესამე სახელმწიფოსთან. ასევე არ დაუშვებენ მესამე სახელმწიფოს მხრიდან თავისი ტერიტორიული სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა.
შეთანხმების ფარგლებში რუსეთი და ჩრდილოეთ კორეა უსაფრთხოების, ეკონომიკის, ვაჭრობის, ინვესტიციების, მეცნიერების, ტექნოლოგიების, სოფის მეურნეობის, განათლების, ჯანდაცვის, სპორტის, კულტურის, ტურიზმის, გარემოს დაცვისა და კატასტროფების პრევენციისა და დახმარების სფეროებში ითანამშრომლებენ.





