საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობის მისაღებად უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ჩავიდა. მონაწილე ქვეყნების ლიდერებს ვიქტორ ორბანი მასპინძლობს.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, სამიტზე კობახიძე როგორც სიტყვით გამოსვლისას, ასევე ევროპელ ლიდერებთან შეხვედრის დროს, საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე ისაუბრებს.
"გამოსვლა მექნება თემატურ პანელზე, ასევე დასკვნით პლენარულ სესიაზე, სადაც გაჟღერდება გზავნილები იმაზე, რაც ჩვენს ქვეყანას და საქართველოს გარშემო მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება. ასევე, შესაძლებლობა გვექნება, ევროპელ ლიდერებთან ყველა იმ თემაზე ვისაუბროთ, რაც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების კუთხით საინტერესოა. მათ შორის, საუბარი გვექნება საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტზე, რაც არის ევროკავშირში ინტეგრაცია. ვისაუბრებთ საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე". - თქვა კობახიძემ.
კობახიძესთან ერთად, საქართველოს დელეგაციის წევრები არიან საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, ლევან ჟორჟოლიანი.