არჩევნები 2024

ლილუაშვილი ცესკოს: ყოველი უპასუხო დღე რისკს ზრდის, რომ აპარატიდან ინფორმაცია წაიშლება

პარტია გახარია-საქართველოსთვის ცესკოს კიდევ ერთხელ სთხოვს, რომ არჩევნებზე მისული ამომრჩევლების სია ნეიტრალურ პლატფორმას გადასცეს და ასევე, გაასაჯაროოს ამერიკულ კომპანია სმარტმატიკთან დადებული კონტრაქტი. პარტიის წევრის, ბექა ლილუაშვილის თქმით, ყოველი უპასუხო დღე რისკს ზრდის, რომ ელექტრონულ აპარატში არსებული ინფორმაცია წაიშალოს.

"როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ცესკოს მივმართეთ, რომ არჩევნებზე მისული ამომრჩევლების ბაზა ნეიტრალურ, ობიექტურ პლატფორმას გადასცეს იმისთვის, რომ თითოეულმა ადამიანმა გადაამოწმოს საკუთარი, ინდივიდუალური ინფორმაცია - მონაწილეობა მიიღო თუ არა არჩევნებში და რომელ უბანზე მისცა ხმა. დღევანდელი მდგომარეობით, ცესკოს წარმომადგენლებისა და ქართული ოცნების ცალკეული პოლიტიკური პირების, მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებები, მიმართულია არა არჩევნების სიტემურ გაყალბებასთან დაკავშირებული ფაქტების განეიტრალებისკენ, რისი ერთ- ერთი გზაც, სწორედ, ზემოაღნიშული ინფორმაციის გამჟღვანებაა, არამედ მიმართულია დროის გაჭიანურებისკენ.

დროის გაყვანის მცდელობას ისიც ადასტურებს ისიც, რომ ცესკოს ჯერ არ წარმოუდგენია კომპანია სმარტმატიკთან გაფორებული ხელშეკრულება და ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყველა პროცედურის მარეგულირებელი დოკუმენტაცია, მათ შორის, არჩევნებში გამოყენებულ ელექტრონულ საშუალებებში არსებული ინფორმაციის დამუშავებასა და შენახვის ვადების მარეგულირებელი დოკუმენტაცია. ამ ინფორმაციის მოთხოვნით ჩვენ ცესკოს ორი დღის წინ მივმართეთ. ამ არჩევნებზე, არჩევნების შედეგებზე სისტემურად, ტექნოლოგიური მანიპულაციების დადასტურების ერთ-ერთი გზა, სწორედ ამ ელექტრონულ საშუალებებში ინახება.

ყოველი უპასუხო დღე მნიშვნელოვნად ზრდის რისკებს, რომ ელექტრონულ საშუალებებში არსებული საინფორმაციო კვალი განადგურდება. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს, კონტრაქტის მიხედვით, თავდაპირველად, რა ვადაში იყო ან/და ცვლილების შედეგად, ახლა რა ვადაში უნდა მოხდეს ელექტრონული საშუალებებიდან ინფორმაციის გასუფთავება. ცესკოს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, დროულად წარმოადგინოს ინფორმაცია ელექტრონულ საშუალებებზე არსებული ინფორმაციის მართვის პროცედურასა და ვადებთან დაკავშირებით". - თქვა ლილუაშვილმა. 

29 ოქტომბერს გიორგი გახარიამ თქვა, რომ მათ ცესკოსგან მოითხოვეს, არჩევნებზე მისული ყველა ადამიანის ბაზა ნეიტრალურ პლატფორმას გადაეცეს, სადაც მოქალაქეს ინდივიდუალურად შეეძლება იმის ნახვა, იყო თუ არა არჩევნებზე, რომელ უბანზე მისცა ხმა და რომელ საათზე. 

გიორგი გახარიას თქმით, მათ ცესკოს ასევე მიმართეს, რომ იმ ამერიკულ კომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტი მიეწოდებინათ, რომელმაც მათ ელექტრონული აპარატები მიაწოდა. ასევე, ყველა ის ცვლილება, რაც ამ კონტრაქტში შევიდა.

"ეს ინფორმაცია დღეს კი არსებობს, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, კომპანია სმარტმატიკთან კონტრაქტი როგორ არის გაფორმებული და ეს ინფორმაცია როდემდე შეინახება. რადგან, შეიძლება, 1 კვირაში, 10 დღეში, 2 კვირაში ან 1 თვეში ჩვენთვის ეს ინფორმაცია მიუწვდომელი გახდეს". - ამბობს გახარია.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ოპოზიციურ პარტიებს უპასუხა, რომ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ბაზის შექმნა კანონითაა შეზღუდული და პერსონალური მონაცემების გასაჯაროების რისკს შეიცავს.

კომენტარები