არჩევნები 2024

ცესკო: არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ბაზის შექმნა კანონითაა შეზღუდული

ცესკოს ბრიფინგი, 2024 წლის 29 ოქტომბერი

ცენტრალური საარჩევნო კომისია პოლიტიკური პარტიების მოწოდებებს, შეიქმნას არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა სია, საინფორმაციო ბრიფინგზე გამოეხმაურა. საარჩევნო ადმინისტრაციის თქმით, მსგავსი ბაზის შექმნა კანონითაა შეზღუდული და შეიცავს პერსონალური მონაცემების გასაჯაროების რისკს.

"დღეს დილიდან სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტების წარმომადგენლები მოუწოდებენ საარჩევნო ადმინისტრაციას, შექმნან არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ბაზა, იმისთვის რომ ამომრჩეველს მიეცეს შესაძლებლობა, გადაამოწმოს საკუთარი თავი არჩევნებზე მომსვლელთა ამომრჩეველთა სიაში.

პოლიტიკოსებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ აღნიშნული ქმედება კანონით არის შეზღუდული და ასეთი ბაზის შექმნა შეიცავს პერსონალური მონაცემების გამჟღავნების რისკს, რაც ეწინააღმდეგება არჩევნების ერთ-ერთ აღიარებულ ფუნდამენტურ პრინციპს და კარგ საერთაშორისო პრაქტიკას.

აქვე, მნიშვნელოვანი აღინიშნოს, რომ ამ საკითხზე არ დაწერილა არცერთი საჩივარი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ პარტიების წარმომადგენლები, პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე, არარეალურ მოთხოვნებს აყენებენ იმისთვის, რომ შექმნან აღქმა, თითქოს, საარჩევნო ადმინისტრაცია ინფორმაციას მალავს". - ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.

ამას გარდა, ცესკომ განცხადებით უპასუხა სავარაუდო დარღვევებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციებს.

"საზოგადოებას გვინდა მივაწოდოთ ინფორმაცია იმ დეზინფორმაციის შესახებ, რომელიც ინტენსიურად ვრცელდება მედიასა და სოციალურ ქსელებში. მანიპულაციური და დაუსაბუთებელი ინფორმაციის გავრცელება კამპანიური ხასიათისაა და ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანია, რომ პროცესის შესახებ საზოგადოებას ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია. სწორედ ამიტომ, გვინდა გაგიზიაროთ სიმართლე რამდენიმე ყველაზე გავრცელებულ მანიპულაციურ ინფორმაციასთან დაკავშირებით.

მას შემდეგ, რაც დადასტურდა, რომ საქსტატის, ეროვნული სამსახურისა და ამომრჩეველთა სიების მონაცემების ერთმანეთთან შედარებით ხდებოდა კამპანიური ხასიათის მანიპულაცია, ინტენსიურად დაიწყო ახალი დეზინფორმაციის გავრცელება.

მანიპულაციური კამპანიის გაგრძელებაა ზოგიერთი პოლიტიკურად დაინტერესებული პირის მხრიდან გავრცელებული ინფორმაცია ხმის დათვლის მანქანებიდან სხვადასხვა დროს ამობეჭდილი ამონაწერების შესახებ, რომელიც განსხვავებულ მონაცემებს შეიცავს.

სინამდვილეში, ხელვაჩაურის მე-16 უბანზე იყო განთავსებული 3 ხმის მთვლელი აპარატი. პირველ ეტაპზე ამოიბეჭდა მხოლოდ 2 აპარატის შედეგი და მისი ამსახველი ქვითარი, შემდეგ კი დაიბეჭდა სამივე ხმის მთვლელი აპარატის ანგარიში. სამივე აპარატის კონსოლიდირებული ქვითრის მონაცემები ზუსტად ემთხვევა ბიულეტენების ხელით გადათვლის შედეგად შედგენილი შემაჯამებელი ოქმის მონაცემებს და ორივეგან 1 404 ბიულეტენია დაფიქსირებული. ფაქტს ადასტურებენ საუბნო საარჩევნო კომისიის თანამშრომლებიც.

კიდევ ერთი მანიპულაცია უკავშირდება საგარეჯოს ერთ-ერთ უბანზე გაუქმებული პირადობით ხმის მიცემის საკითხს. იქმნება აღქმა, რომ მსგავს ფაქტებს ჰქონდა მასიური ხასიათი, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. კონკრეტულად, აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით დაწერილია საჩივარიც, რომელიც შესაბამისი პროცედურის მიხედვით იქნება განხილული. თუმცა, ამ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პირს, რომელმაც ხმა მისცა გაუქმებული პირადობით, ჰქონდა მოქმედი პასპორტი და სწორედ ამიტომ იყო ის შეყვანილი ამომრჩეველთა ერთიან სიაში.

მანიპულაციური ინფორმაციები ვრცელდება საარჩევნო ბიულეტენებთან დაკავშირებითაც. მაგალითისთვის, ერთ-ერთი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია ავრცელებს ბიულეტენის ფოტოს, სადაც ერთ-ერთი სუბიექტი არის გადახაზული და არცერთი წრე არაა გაფერადებული. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ბიულეტენები ერთმნიშვნელოვნად ითვლება ბათილად, ორგანიზაცია ირწმუნება, რომ ბიულეტენი ნამდვილად ჩაითვალა, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. აღნიშნული მარტივად დასტურდება აპარატის მიერ ამობეჭდილი ჩეკის და შემაჯამებელი ოქმის შედარებით". - ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.

კომენტარები