სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის 26 ოქტომბერს, არჩევნების დღეს, ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის სავარაუდო ფაქტებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით გამოძიება დაიწყეს.
"გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო მედიაომბუდსმენიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროდან და სამსახურის ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინებები, ასევე ჩატარებული გასაუბრებები, რომელიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჟურნალისტებთან დაკავშირებულ 17 ინციდენტს შეეხებოდა. აღნიშნული ფაქტებიდან 13 შემთხვევა, შეტყობინების შინაარსიდან გამომდინარე არ შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს. მიუხედავად ამისა, თითოეულ ფაქტთან დაკავშირებით სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლები შეტყობინების შემოსვლისთანავე არაერთგზის დაუკავშირდნენ ჟურნალისტებსა და ოპერატორებს და მყისიერი სამართლებრივი რეაგირება მოახდინეს. ამ დროისთვის, საგამოძიებო ორგანოში, ინფორმაციის მოწოდების მიზნით, მხოლოდ 5 ჟურნალისტი და 1 ოპერატორი გამოცხადდა". - წერია სამსახურის განცხადებაში.
გუშინ, 30 ოქტომბერს მედიაომბუდსმენმა გაავრცელა არჩევნების დღეს მედიის სამუშაო პირობების შეფასება, რომლის მიხედვითაც, არჩევნების გაშუქებისას ჟურნალისტების და ოპერატორების სამუშაო გარემო გამოირჩეოდა აგრესიით, ზეწოლით, მუქარითა და პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტებით.
"კრიტიკული მედიის წარმომადგენლებისთვის კენჭისყრასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღების და გავრცელების პროცესი იყო უკიდურესად მძიმე და საფრთხის შემცველი.
საარჩევნო უბნებში, კენჭისყრის შენობის შესასვლელებში, მიმდებარედ (მათ შორის, კანონით აკრძალულ მანძილზე) მობილიზებული ქართული ოცნების აგრესიული ჯგუფები. ისინი მედიის წარმომადგენლებს აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდნენ. აგრესია განსაკუთრებით საშიში ხდებოდა ამომრჩეველზე ზეწოლის, კონტროლის, მოსყიდვის ფაქტების დოკუმენტირებისა და დაფიქსირების მცდელობისას. ჟურნალისტების უმრავლესობა საუბრობს აგრესიაზე საარჩევნო უბნებთან მობილიზებული ე.წ. "ძველი ბიჭებისგან". უსაფრთხოების ზომების გამო, მედიის წარმომადგენლები ტოვებდნენ გადაღების ადგილს.
ცხელი ხაზის, 112-ის მეშვეობით არაერთი შეტყობინების მიუხედავად, გამოძახების უმრავლეს შემთხვევაში, პოლიცია ადგილზე არ მოვიდა, საუბნო თუ საოლქო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელები არ რეაგირებდნენ ხელშეშლაზე, რის გამოც მთელ რიგ უბნებზე მედიისთვის მუშაობა შეუძლებელი აღმოჩნდა". - წერს მედიაომბუდსმენი.
ორგანიზაციის ინფორმაციით, 26 ოქტომბრის არჩევნების გაშუქებისას მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის 30 შემთხვევა დაფიქსირდა, დანაშაულებრივი ქმედებებით დაირღვა მინიმუმ 50 ჟურნალისტის და ოპერატორის უფლება.