არჩევნები 2024

თელავსა და ბათუმში მთავარი არხის გადამღებ ჯგუფებს თავს დაესხნენ

მთავარი არხის ინფორმაციით, მათ გადამღებ ჯგუფებს თელავის მუნიციპალიტეტის ქვემო ხოდაშენის მე-16 საარჩევნო უბანთან და ქალაქ ბათუმის მე-17 საარჩევნო უბანთან თავს დაესხნენ.

როგორც ტელეკომპანია წერს, კახეთში "სუს-ის ე.წ. ქუჩის ბიჭები საარჩევნო უბანთან იყვნენ შეკრებილები". გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ წაართვა ერთ-ერთმა მათგანმა მთავარი არხის ოპერატორს კამერა, რომელიც მოგვიანებით დააბრუნა.

"თავდამსხმელების გაღიზიანება მთავარი არხის ჟურნალისტის კითხვას მოჰყვა, რომელიც დაინტერესდა საარჩევნო უბნის მიმდებარედ ვის მიერ იყო ორგანიზებული საკვების მიტანა.

ადგილზე არსებულმა პირებმა ჟურნალისტს და ოპერატორს ტექნიკა წაართვეს და მედიის წარმომადგენლების ადგილიდან გაძევებას შეეცადნენ. აღნიშნულ ინციდენტზე რეაგირება არ ჰქონია საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარეს. პოლიციის რეაგირება კი იმ კომენტარით შემოიფარგლა, რომ აღნიშნული საქმე სპეციალურ სამსახურს გადაეცა.

მთავარი არხის ჟურნალისტის განცხადებით, პირები, რომლებიც მათ დაუპირისპირდნენ დავით ესიტაშვილი, ბადრი ბუიშვილი  ქართულ ოცნებასთან არიან კავშირში". - წერს ტელეკომპანია.

მთავარი არხის ინფორმაციით, ბათუმის მე-17 საარჩევნო უბანზე "ოცნების კოორდინატორის გაღიზიანება მთავარი არხის ჟურნალისტის კითხვას მოჰყვა, თუ რატომ იდგა უბნის მიმდებარედ სამარშრუტო ტაქსი, რომელში მსხდომი ადამიანებიც ადგილზე მისულ პირებს საკუთარ სიებში ამოწმებდნენ".

"ოცნების კოორდინატორი საარჩევნო უბნიდან გამოვიდა, ე.წ ბეიჯი მოიხსნა და მედიის წარმომადგენლებს სიტყვიერად დაუპირისპირდა. ოცნების კოორდინატორმა საკუთარი თავი წარადგინა, როგორც ირაკლი თავართქილაძე, თუმცა მთავარმა არხმა გაარკვია, რომ ის იყო გოგიტა გაფრინდაშვილი". - წერს მთავარი არხი.

დღეს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშენში, მე-16 საარჩევნო უბანთან თავს დაესხნენ ტვ პირველის გადამღებ ჯგუფსაც. ტელეკომპანიის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ნაცემია ოპერატორი და სრულად დამტვრეულია ტელევიზიის კუთვნილი აპარატურა.

კომენტარები