არჩევნები 2024

სამადაშვილი: ოცნება ცდილობს, ისრაელში 2 000-ზე მეტ ამომრჩეველს ხმის უფლება წაართვას

ტაბულა

კოალიცია ძლიერი საქართველოს წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით, მათ მიიღეს ინფორმაცია, რომ ხვალ, ისრაელში გახსნილ ერთადერთ საარჩევნო უბანზე კომისიაში ქართული ოცნების წარმომადგენლები გამოცხადებას არ აპირებენ, რის გამოც, კომისია საქმიანობას ვერ შეუდგება და 2 000-ზე მეტი ამომრჩეველი ხმის მიცემას ვერ შეძლებს.

სამადაშვილის თქმით, მათ მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ისრაელში საარჩევნო პროცესის ჩაშლას ხელმძღვანელობს ქვეყანაში საქართველოს ელჩი, ლაშა ჟვანია.

"მივიღეთ ინფორმაცია, რომ ისრაელში, რამათ-განში გახსნილი ერთადერთი საარჩევნო უბნის თავმჯდომარემ დაწერა განცხადება უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით. კომისიაში ქართული ოცნების წარმომადგენლები აპირებენ, რომ არ გამოცხადდნენ ხვალ არჩევნების ჩასატარებლად. საარჩევნო კომისია შედგება 17 წევრისგან და არჩევნების დღეს 9 წევრი მაინც უნდა გამოცხადდეს, რომ კომისია შეუდგეს საქმიანობას. ქართული ოცნება ცდილობს, წაართვას არჩევნებში მონაწილეობის უფლება 2000-ზე მეტ საქართველოს მოქალაქეს, რომელიც არის დარეგისტრირებული ამ უბანზე.

ამ ქვეყნის დემოკრატიული მომავლის წინააღმდეგ წარმოებულ სპეცოპერაციას ხელმძღვანელობს საქართველოს ყოფილი ელჩი, ლაშა ჟვანია. ბატონო ლაშა, მინდა შეგახსენოთ, რომ საარჩევნო პროცესისთვის ხელის შეშლა და საბოტაჟი არის სისხლის სამართლის დანაშაული.

ამ ქვეყანას 27 ოქტომბრიდან ეყოლება ახალი ხელისუფლება, რომელიც არა მხოლოდ დააბრუნებს ქვეყანას ევროპული განვითარების გზაზე, არამედ დაამყარებს კანონის უზენაესობას და პასუხი მოეთხოვება ყველას, ვინც დღეს ან ხვალ შეეცდება, ხელი შეუშალოს ქართველი ხალხის კონსტიტუციურ უფლებას - გააკეთოს არჩევანი!" - თქვა სამადაშვილმა პრესკონფერენციაზე.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა ისრაელში, ქალაქ რამათ-განში არსებულ საარჩევნო უბანთან დაკავშირებით 9 ოქტომბერს განაცხადა, რომ ცესკოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ წერილობით მიმართა იმ რისკების შესახებ, რომელიც უკავშირდება ისრაელში საარჩევნო უბნის გახსნას.

მოგვიანებით, კალანდარიშვილმა ისრაელში, ქალაქ რამათ-განში საარჩევნო უბნის შენარჩუნების ან გაუქმების საკითხი დღის წესრიგში ჩასმის გარეშე დააყენა, სადაც გადაწყდა, რომ უბნის გაუქმების მოცემული "იმ თავითვე არ დგას".

კომენტარები