არჩევნები 2024

კალანდარიშვილი: ისრაელში საარჩევნო უბნის გაუქმების საკითხი დღის წესრიგში არ დგას

ცენტრალური საარჩევნო კომისიის(ცესკო) სხდომაზე თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა ისრაელში, ქალაქ რამათ-განში საარჩევნო უბნის შენარჩუნების ან გაუქმების საკითხი დღის წესრიგში ჩასმის გარეშე დააყენა, სადაც გადაწყდა, რომ უბნის გაუქმების მოცემული "იმ თავითვე არ დგას".

"ერთხმად ვთანხმდებით, რომ [ისრაელში] საარჩევნო უბნის გაუქმების შესახებ საკითხის დღის წესრიგში შეტანის საკითხი იმთავითვე არ დგას. [...] უბრალოდ, ორჯერ გაჟღერდა, რომ თებერვალში არჩევნები ჩატარდა ევროპარლამენტისო, თუმცა, ინფორმირების მიზნით, ახლა არის ოქტომბრის თვე, ბუნებრივია, თებერვლის შემდეგ ძალიან ბევრი რამ შეიცვალა, მათ შორის, საგარეოს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში საუბარია, რომ 1 ოქტომბერს დაბომბვა განხორციელდა [...] იმის თქმა მინდა, რომ ნუ გავიგებთ ამას, ჩვენ ცხადია არ გვაქვს საკმარისი კომპეტენცია, რომ ისრაელში ამა თუ იმ შენობის, თუ საზოგადოებრივი უსაფრთხოების შესახებ ვიმსჯელოთ, რაიმე ფორმით შევაფასოთ ან განვჭვრიტოთ იმ დღისთვის მოსალოდნელი საფრთხეები". - თქვა კალანდარიშვილმა.

ამის გარდა, კალანდარიშვილის თქმით, განიხილავენ პროექტს 7 დამატებითი საარჩევნო უბნის შექმნის შესახებ.

"დღის წესრიგში წარმოდგენილი გვაქვს პროექტი იმის თაობაზე, რომ 7 ახალი საარჩევნო უბნის შექმნა მოხდეს იმ შესაბამის ლოკაციებზე სადაც ამომრჩეველთა რაოდენობამ ამის საჭიროება კომისიას დაუყენა". - თქვა ცესკოს თავმჯდომარემ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა ისრაელში, ქალაქ რამათ-განში არსებულ საარჩევნო უბანთან დაკავშირებით 9 ოქტომბერს განაცხადა, რომ ცესკოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ წერილობით მიმართა იმ რისკების შესახებ, რომელიც უკავშირდება ისრაელში საარჩევნო უბნის გახსნას.

კომენტარები