"ეს არის ტიპიური ფსიქოლოგიური ზეწოლა" - ასე აფასებს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფინანსური პოლიციის მიერ ჩატარებულ ჩხრეკებს. მისი აზრით, ეს საქართველოში აღარ იმუშავებს, რადგან მოსახლეობა უკვე "საკმაოდ" მიჩვეულია.
"ვიცით, რომ ეს ხდება, ვიცით, რომ ამას უნდა გავუძლოთ, ამით არ უნდა შევშინდეთ. ეს არის მხოლოდ ამისთვის, რომ ხალხი შეშინდეს, ვიღაცა არ წავიდეს არჩევენბზე, ვიღაცას შეეშინდეს თავისი ხმის იმ ფორმით ჩაყრა, როგორაც თვითონ ფიქრობს. ეს ყველაფერი არის მხოლოდ ფსიქოლოგიური მანიპულაციები, რომელიც მგონი, საქართველოს მოსახლეობაზე, რომელიც გამოცდილია, არ მუშაობს, აღარ მუშაობს და აღარ იმუშავებს.
დავამატებ, რომ გადასვლა იმ ახალ ეტაპზე, კოალიციურ მთავრობაზე, პროევროპულ მთავრობაზე ჩვენი ახალი პოლიტიკური რეალობა სწორედ ის უნდა იყოს მომავალში, რომ აღარ იყოს საარჩევნო ზეწოლა და საარჩევნოდ ადამიანების ამ ფორმით გამოყვანა მაგალითად, მიტინგებზე ძალით, ხვეწნით, ფულით თუ რაც იქნება, ეს უნდა ჩაბარდეს წარსულს და დარწმუნებული ვარ, ჩაბარდება" - ამბობს პრეზიდენტი პრესკონფერენციაზე.
- სად და რატომ შევიდა ფინანსური პოლიცია? რა ვიცით ამ დროისთვის
- მითხრეს, რომ გაზის შესამოწმებლად იყვნენ, შემოვარდნენ და დაიწყეს ჩხრეკა - ბუზიაშვილი
დღეს დილიდან ფინანსური პოლიცია სხვადასხვა ადამიანის სახლებს ჩხრეკს. მათ შორის, საგამოძიებო სამსახური შევიდა Atlantic Council-ის ორი თანამშრომლის, ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავას სახლებში. ატლანტიკური საბჭო 1961 წელს დაფუძნებული ამერიკული კვლევითი ცენტრია, ხოლო ბუზიაშვილი და გელავა ატლანტიკური საბჭოს ორგანიზაცია "ციფრული ექსპერტიზის კვლევითი ლაბორატორიის" მკვლევრები არიან.
ამასთან ერთად, სთენდაფერი ონისე ცხადაძე Facebook-ზე ავრცელებს ინფორმაციას, რომ ფინანსურმა პოლიციამ გაჩხრიკა ფართი, რომელიც მას და მის ძმას აქვთ ნაქირავები. მისი თქმით, ამოღებულია სხვადასხვა ტექნიკა, მათ შორის ლეპტოპი და ტელეფონი. ცხადაძე მუშაობს კომპანია Concentrix-ში, რომელიც კალიფორნიაში დაარსებული ბიზნეს პროცესების მართვის კომპანიაა და საერთაშორისო ბრენდებს უწევს კონსულტაციას. კომპანიას 70-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში აქვს ოფისი.
კიდევ ერთი პირი, ვისი სახლიც გაჩხრიკეს, არის ვალერი ტყეშელაშვილი, რომელიც Mercatus Capital-ის დამფუძნებელია და საქართველოში დროებით არის ჩამოსული.
- დაელოდეთ გამოძიების ინფორმაციას, შეიძლება, ძალიან საინტერესო იყოს - კობახიძე ჩხრეკებზე
- TV იმედი ამბობს, რომ ჩხრეკები ქოლცენტრების საქმეზე მიმდინარეობს და კეზერაშვილს უკავშირდება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით მიღებული ოპარატიული ინფორმაციის შესაბამისად, "სამ სავარაუდო ე. წ. ქოლცენტრში ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები და მოსამართლის განჩინების საფუძველზე გაიჩხრიკა მითითებული ობიექტები".
"მიღებული ინფორმაციით, ქოლცენტრების საქმიანობა დაკავშირებულია იმავე სახის დანაშაულთან, რა დანაშაულზეც აღნიშნული გამოძიება მიმდინარეობს და საქმე გვაქვს გაცილებით დიდი მასშტაბის ფინანსებთან. ასევე, ობიექტებზე დასაქმებულ პირთა ნაწილი დაკავშირებულია წინა პერიოდებში გამოვლენილ ანალოგიური სახის დანაშაულებრივ ქოლცენტრებთან.
ადგილზე მისულმა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს გარკვეული ელექტრონული ინფორმაციის შემცველი სხვადასხვა სახის ტექნიკა, მოწყობილობები და დოკუმენტაცია, რაც ამოღებულ იქნა სათანადო წესით.
საზოგადოების ინტერესის გათვალისწინებით, საგამოძიებო სამსახური პერიოდულად მიაწვდის საზოგადოებას ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ" - ნათქვამია განცხადებაში.





