17 ოქტომბერს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრაელ კაცმა ჰამასის ლიდერის, იაჰია სინვარის სიკვდილი დაადასტურა.
"დღეს ისრაელის თავდაცვის ძალებმა, 7 ოქტომბრის სასტიკ თავდასხმაზე პასუხისმგებელი, მასობრივი მკვლელი იაჰია სინვარი მოკლეს" - ამბობს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი.
"ეს არის დიდი სამხედრო და მორალური მიღწევა ისრაელისთვის და მთელი თავისუფალი სამყაროს გამარჯვებაა რადიკალური ისლამის ბოროტ ღერძზე, რომელსაც ირანი ხელმძღვანელობს"- დაამატა მან.
კაცის თქმით, ჰამასის ლიდერის მკვლელობა "მძევლების დაუყოვნებლივი გაყვანისა და ჰამასისა და ირანის კონტროლისგან ღაზის გათავისუფლების შესაძლებლობას შექმნის".
ისრაელის თავდაცვის ძალებისა (IDF) და უსაფრთხოების სააგენტო Shin Bet-ის ცნობით, სინვარი ორ ტერორისტთან ერთად სამხრეთ ღაზაში, რაფაში შეიარაღებული შეტაკების დროს მოკლეს. სინვარი უშუალო სამიზნე არ ყოფილა და მისი ცხედარი ისრაელის ჯარისკაცებმა მხოლოდ მეორე დილას, ტერიტორიის შეთვალიერების დროს აღმოაჩინეს.

საბოლოოდ დნმ-ისა და სხვა ტესტირების საფუძველზე დადგინდა, რომ ცხედარი ნამდვილად იაჰია სინვარს ეკუთვნოდა.
სინვარი 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე ჰამასის თავდასხმის ერთ-ერთ მთავარ შემოქმედად ითვლება. ტერორისტების თავდასხმას დაახლოებით 1200 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 250-ზე მეტი მძევლად აიყვანეს.
იაჰია სინვარი ჰამასის ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერი ისმაილ ჰანიეს მკვლელობის შემდეგ გახდა.
7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ სინვარი ღაზაში იმალება. ისრაელის თავდაცვის ძალებმა თებერვალში გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანდა, როგორ გადაადგილდებოდა სინვარი ოჯახის რამდენიმე წევრთან ერთად ერთ-ერთ მიწისქვეშა გვირაბში. IDF-ში პირობას დებდნენ, რომ მას ცოცხალს ან მკვდარს დაიჭერდნენ.
სინვარი პოლიტბიუროს მეთაურად ჰამასის 50-კაციანმა შურას საბჭომ აირჩია.





