ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

აშშ-მ 7 ოქტომბრის შემოქმედ იაჰია სინვარსა და ჰამასის სხვა ლიდერებს ბრალი წაუყენა

Collage: Sky News

აშშ-მ 7 ოქტომბრის ტერორისტული აქტის დროს მოკლული, სულ მცირე, 43 ამერიკელი მოქალაქის საქმეზე ჰამასის პოლიტიკურ ლიდერს, იაჰია სინვარსა და ტერორისტული დაჯგუფების სხვა ლიდერებს ბრალი წაუყენა. ინფორმაციას ამერიკული გამოცემა New York Times ავრცელებს

დასახელებულ ლიდერებს შორის არიან ისმაილ ჰანია, რომელიც ჰამასის კატარის ოფისს ხელმძღვანელობდა; მუჰამედ დეიფი, რომელიც დაჯგუფების სამხედრო ფრთის მეთაური იყო; მარვან ისა, ჰამასის სამხედრო ფრთის მეთაურის მოადგილე; ალი ბარაკე, დაჯგუფების ერთ-ერთი მაღალჩინოსანი; ხალედ მეშალი, ჰამასის ყოფილი პოლიტიკური ლიდერი. მათგან დეიფი და ისა ღაზაში ისრაელის იერიშის შედეგად დაიხოცნენ, ხოლო ჰანია ირანში ვიზიტისას, მისთვის განკუთვნილ საცხოვრებელში ბომბის აფეთქების შედეგად მოკვდა

შვიდ ბრალდებას შორის, რომლებიც ჰამასის ტერორისტებს აშშ-ს სასამართლომ წაუყენა, მოხსენიებულია შეთქმულება აშშ-ს მოქალაქეების მკვლელობისთვის, შეთქმულება ტერორიზმის დაფინანსებისთვის და შეთქმულება ადამიანების დასახოცად ტერორიზმის მხარდაჭერისა და მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებისთვის. ზოგიერთი ბრალდება 1997 წლითაც თარიღდება. 

ამ დრომდე არ იყო ოფიციალურად დადასტურებული, რომ ქალედ მეშალი, რომელიც კატარში ცხოვრობს, და ისმაილ ჰანია, რომელიც დოჰაში ცხოვრობდა, 7 ოქტომბრის ტერაქტის დაგეგმვასა და განხორციელებაში პირდაპირ იყვნენ ჩართულები. ორივე ლიდერი 2023 წლის 7 ოქტომბერს ღაზის სექტორის გარეთ იმყოფებოდა. 

აქამდე აშშ-სა და ისრაელის დაზვერვა ფიქრობდა, რომ დაგეგმილი ტერაქტის შესახებ ინფორმაციას ჰამასის მხოლოდ რამდენიმე ლიდერი, მათ შორის სინვარი და დეიფი ფლობდნენ, თუმცა როგორც გამოცემა New York Times წერს, "აშშ-ს მთავრობის ბრალდებები ჰამასის პოლიტიკური წევრების წინააღმდეგ, დაჯგუფების საქმიანობას განსხვავებულ შუქს მოჰფენს". 

აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა ადრე განაცხადა, რომ ბრალდებები მიმდინარე წლის თებერვალში ჰამასის ლიდერებისთვის წარდგენილი ბრალდებები დალუქული იყო, ვინაიდან ისინი იმედოვნებდნენ, რომ ისმაილ ჰანიას და სხვა ბრალდებულებს დააკავებდნენ და ამით ხელს შეუშლიდნენ მათ, დამალულიყვნენ. თუმცა, ჰანიას მკვლელობის შემდეგ დეპარტამენტმა გადაწყვიტა, რომ აღარ არსებობდა რაციონალური მიზეზი, რაღა ბრალდებები საიდუმლოდ შეენახათ.

ამასთანავე, აშშ-ს მაღალჩინოსნები გასაჯაროებას იმ მიზეზითაც ერიდებოდნენ, რომ ამის გამო ჰამასის მიერ მძევლად აყვანილ აშშ-ს მოქალაქეს, ჰერშ გოლდბერგ-პოლინის სიცოცხლეს საფრთხე არ შეჰქმნოდა, თუმცა რამდენიმე დღის წინ ტერორისტების მიერ მძევლის მკვლელობამ ვითარება შეცვალა. 

ცნობისთვის, 1-ელ სექტემბერს ღაზის სექტორში, რაფაში, ერთ-ერთ გვირაბში, რამდენიმე დღის წინ ისრაელის თავდაცვის ძალებმა მოკლული 6 მძევლის ცხედარი აღმოაჩინა

მძევლები იყვნენ: 23 წლის ჰერშ გოლდბერგ-პოლინი, 24 წლის ედენ იერუშალმი, 25 წლის ორი დანინო, 32 წლის ალექს ლუბნოვი, 40 წლის კარმელ გატი, 27 წლის ალმონგ სარუსი. 6-ვე მძევალი 2023 წლის 7 ოქტომბერს გაიტაცეს. გოლდბერგ-პოლინი ისრაელთან ერთად, აშშ-ს მოქალაქეცაა.

კომენტარები