დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

ისრაელის თავდაცვის ძალებმა, სავარაუდოდ, ჰამასის ლიდერი, სინვარი მოკლა

ისრაელის თავდაცვის ძალების თქმით, მათ სავარაუდოდ ჰამასის ახალი ლიდერი, იაჰია სინვარი მოკლეს. სინვარის ცხედარი ღაზაში 16 ოქტომბერს მოკლული 3 ტერორისტიდან ერთ-ერთია.

"ამ დროისთვის ტერორისტების ზუსტი ვინაობა ცნობილი არ არის" - ნათქვამია IDF-ის განცხადებაში.

ისრაელის ძალებმა ტერორისტები 16 ოქტომბერს ღაზაში ერთ-ერთი შეტაკების დროს მოკლეს. სინვარის ამოცნობა შენობაში უკვე მოგვიანებით შესულმა ჯარისკაცებმა შეძლეს.

ისრაელის ძალების ცნობით, იმ ტერიტორიაზე, სადაც სამი ტერორისტი მოკლეს, მძევლები არ იმყოფებოდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, სინვარი ომის დაწყების დღიდან მძევლებს შორის იმალებოდა და მათ, როგორც ადამიანურ ფარს იყენებდა.

სამივე ცხედარი დნმ-ის ტესტირებისთვის გადაიყვანეს. მათ ასევე ჩაუტარდებათ სტომატოლოგიური და თითის ანაბეჭდების შემოწმება. ისრაელს სინვარის თითის ანაბეჭდები და სტომატოლოგიური ჩანაწერები მისი ციხეში ყოფნის პერიოდიდან მოეპოვება.

სინვარი 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე ჰამასის თავდასხმის ერთ-ერთ მთავარ შემოქმედად ითვლება. ტერორისტების თავდასხმას დაახლოებით 1200 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 250-ზე მეტი მძევლად აიყვანეს.

იაჰია სინვარი ჰამასის ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერი ისმაილ ჰანიეს მკვლელობის შემდეგ გახდა. 

7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ სინვარი ღაზაში იმალება. ისრაელის თავდაცვის ძალებმა თებერვალში გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანდა, როგორ გადაადგილდებოდა სინვარი ოჯახის რამდენიმე წევრთან ერთად ერთ-ერთ მიწისქვეშა გვირაბში. IDF-ში პირობას დებდნენ, რომ მას ცოცხალს ან მკვდარს დაიჭერდნენ. 

სინვარი პოლიტბიუროს მეთაურად ჰამასის 50-კაციანმა შურას საბჭომ აირჩია.

კომენტარები