არჩევნები 2024

გახარია-საქართველოსთვის კომუნიკაციების კომისიას სასამართლოში უჩივის

გახარია-საქართველოსთვის კომუნიკაციების კომისიას სასამართლოში უჩივის. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა. 

"კომუნიკაციების კომისია და მისი ხელმძღვანელი, კახა ბექაური იმ ეროვნულ მაუწყებლებზე ზეწოლას აგრძელებენ, რომლებმაც კვალიფიციურ სუბიექტებად გვაღიარეს და უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსების უფლება მოგვცეს. დღეს, 11 ოქტომბერს, კომუნიკაციების კომისიისა და კახა ბექაურის უკანონო ქმედებების აღსაკვეთად, სასამართლოს ოფიციალურად მივმართეთ. კომისია ზეწოლის გზით, მაუწყებლებს ჩვენი რეკლამის განთავსების საშუალებას არ აძლევს, ხოლო ვინც მაინც განათავსა, დასჯის მიზნით, სამართალდამრღვევად ცნობს. კომისიის ეს ქმედება საარჩევნო კამპანიის სამართლიან მედიაგარემოში წარმართვის შესაძლებლობას გვართმევს [...]

არჩევნებამდე 2 კვირაა დარჩენილი და სასამართლოს მოვუწოდებთ, დროულად მიიღოს სამართლიანი გადაწყვეტილება და მედიასივრცით სარგებლობის შესაძლებლობა მოგვცეს. კახა ბექაურს კი კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ ყველა მსგავს უკანონო ქმედებაზე პასუხისმგებლობა პერსონალიზებული იქნება". - თქვა მეზვრიშვილმა. 

გუშინ, 10 ოქტომბერს, გიორგი გახარიამ კომუნიკაციების კომისია უკანონო ქმედებებში დაადანაშაულა და მისი ხელმძღვანელი, კახა ბექაური გააფრთხილა, რომ პასუხისმგებლობა პერსონალიზებული იქნება და მას ვერავინ გაექცევა.

მალევე გახარიას თავად ბექაური გამოეხმაურა და თქვა, რომ გახარია ცდილობს, "მედიის მარეგულირებელ დამოუკიდებელ ორგანოს გადაწყვეტილებაზე შანტაჟითა და მუქარით ზეწოლა მოახდინოს". 

"გახარიასნაირი დიქტატორული მიდრეკილების პოლიტიკური ელემენტები მრავლად შემხვედრიან [...] მსგავს მუქარებს ჩემს საქციელზე და გადაწყვეტილებებზე გავლენა არც წარსულში მოუხდენია და ვერც მომავალში მოახდენს" - თქვა ბექაურმა. 

კომენტარები