არჩევნები 2024

გახარია ბექაურს: პასუხისმგებლობა პერსონალიზებული იქნება და ვერავინ გაექცევა

გიორგი გახარიამ კომუნიკაციების კომისია უკანონო ქმედებებში დაადანაშაულა და მის თავმჯდომარეს, კახი ბექაურს მიმართა და გააფრთხილა, რომ "პასუხისმგებლობა პერსონალიზებული იქნება". 

"ჩემი საუბრის დღევანდელი თემა გახლავთ ის პროცესი, რომელიც ახლა კომუნიკაციების კომისიაში მიმდინარეობს - პროცესი, რომლის მიზანი გახლავთ, ჩვენს პარტიას უფასო სატელევიზიო რეკლამაზე წვდომა არ მისცეს. სულ რამდენიმე დღის წინ, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ჩვენ კვალიფიციური სუბიექტის სტატუსი მოგვანიჭა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს პარტიას უფასო რეკლამაზე წვდომა უნდა ჰქონდეს. როგორც კი საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ეს გადაწყვეტილება მიიღო, პროცესში მაშინვე მარეგულირებელი ჩაერთო, რომელმაც ჯარიმის მუქარით, უკანონოდ დააორგანიზა ის პროცესი, რომელიც ახლა მიმდინარეობს და რომლის მიზანიც არის, რომ ყველა ეროვნულ მაუწყებელს აუკრძალონ ჩვენი უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსება ტელესივრცეში.

მინდა, პერსონალურად კახა ბექაურს მივმართო. ძალიან კარგად მესმის, რომ მონური დამოკიდებულება ძალიან მარტივი და სწრაფი გზაა გამდიდრებისკენ, მაგრამ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია დამოუკიდებელი უწყებაა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს უნდა ემსახურებოდეს, განსაკუთრებით, წინასაარჩევნო პერიოდში და ყველაფერს აკეთებდეს იმისთვის, რომ მოქალაქეებს ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა ჰქონდეთ. მინდა, გავაფრთხილო, პირადად მე, გიორგი გახარიამ, რომ პასუხისმგებლობა იქნება პერსონალიზებული და ამ პასუხისმგებლობას ვერავინ ვერ გაექცევა და ვერავისთვის უკან გასასვლელი კარი ვერ იქნება". - თქვა გახარიამ.

კომენტარები