რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა უკრაინის მხარეს მებრძოლი ქართველი მოხალისის, რატი ბურდულის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
როგორც რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი წერს, "საქართველოს მოქალაქე რატი ბურუდლი (რედ. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ქართველი მოხალისის გვარი სწორად ვერ დაწერა) ეჭვმიტანილია არაერთ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში, მათ შორის მკვლელობასა და მკვლელობის მცდელობაში, ტერორისტულ აქტში, დაქირავებულ საქმიანობაში, სამართალდამცავი თანამშრომლის სიცოცხლის ხელყოფასა და ხელისუფლების წარმომადგენელზე ძალადობაში, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში, ქონების განზრახ განადგურებასა და დაზიანებაში."
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მტკიცებით, რატი ბურდული კურსკის ოლქში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას იღებდა.
აღძრულ საქმესთან დაკავშირებით, ტაბულა უკრაინაში მებრძოლ ქართველ მოხალისეს დაუკავშირდა.
"მიჩივლონ." – თქვა ბურდულმა ტაბულასთან საუბარში.
ქართველმა მოხალისემ ასევე ხაზი გაუსვა, რომ მის წინააღმდეგ პირველი საქმე რუსეთში ჯერ კიდევ 2022 წელს აღძრეს.
ტაბულა რამდენიმე თვის წინ რატი ბურდულს ესაუბრა, გთავაზობთ ინტერვიუს ქართველ მოხალისესთან – ამ ომისთვის 2008 წლიდან ვემზადები – ქართველი მოხალისის მოგონებები უკრაინის ფრონტიდან.





