პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის მიერ 17 სექტემბერს მიღებულ, ანტი-ლგბტ კანონთა პაკეტს ხელი მოაწერა.
კანონპროექტს ხელი არ მოაწერა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, თუმცა მას ვეტოს უფლება არ გამოუყენებია, ამიტომ დოკუმენტი გამოქვეყნების შემდეგ ძალაში შევა.
"დღეს, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ხელს ვაწერ "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ" კანონს, რომელსაც ხელი არ მოაწერა სალომე ზურაბიშვილმა...
კარგად მესმის, რომ ამ კანონის ხელმოწერა კრიტიკას გამოიწვევს ზოგიერთი უცხოელი პარტნიორისაგან, მაგრამ ქართველებს არასდროს შეგვშინებია სხვათა შეფასებების, როდესაც ამას ჩვენი რწმენა, საღი აზრი და ქვეყნის ერთგულება გვავალდებულებდა და როდესაც ვხედავდით, რომ ცივილიზაციური დინებები არასწორ კალაპოტს ჭრიდნენ. ამან გამოგვატარა ათასწლეულები. ასე შევინარჩუნეთ ჩვენი იდენტობა. ამავე დროს, იმავე უცხოეთში, ჩვენ ვხედავთ მილიონობით ადამიანის სულისკვეთებას, რომელიც თანხმობაშია ამ კანონთან.
ეს კანონი იცავს ყველა მოქალაქის უფლებას, მათ შორის გამოხატვის თავისუფლებას, ისე, რომ სხვა ადამიანების უფლებები არ შეილახოს, რაც არის კიდეც ნამდვილი დემოკრატიის არსი და იდეა.
ეს კანონი ერთ-ერთია, რომელსაც ყველაზე დიდი სახალხო მხარდაჭერა აქვს. 2024 წლის 17 მაისს მილიონამდე საქართველოს მოქალაქე გამოვიდა საქართველოს ქალაქების ქუჩებში, რითაც შედგა ფაქტობრივი რეფერენდუმი ამ კანონზე. მისი მიღების პროცესში გვქონდა ასევე განხილვები რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებთან, სადაც როგორც საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ, ისე სხვა რელიგიურმა კონფესიებმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს ამ კანონის სულისკვეთებას.
ამიტომ, ჩემთვის ამ კანონზე ხელის მოწერა, არის ყველაზე დიდი ლეგიტიმაციის მქონე ხელმოწერა. ხელმოწერა, რომლის უკან დგას ერიც და ბერიც". - წერს პაპუაშვილი.
-
პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ანტი-ლგბტ კანონს ხელი არ მოაწერა
- საქართველოს პარლამენტმა ანტი-ლგბტ კანონი მიიღო
საქართველოს პარლამენტმა ლგბტ უფლებების შემზღუდველი, "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ" საკანონმდებლო პაკეტი 17 სექტემბერს მიიღო. პლენარულ სხდომაზე კანონპროექტს III მოსმენით მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი არავინ იყო.
კანონპროექტის მიხედვით, განისაზღვრება ქორწინებასთან, არასრულწლოვანის შვილად აყვანასა და მინდობით აღზრდასთან, ადამიანის თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების მიზნით სამედიცინო მანიპულაციის გამოყენებასთან, სახელმწიფოს მიერ გაცემულ დოკუმენტში სქესის მითითებასთან, განათლებასთან, ინფორმაციის გავრცელებასთან, საჯაროდ შეკრებასა და მანიფესტაციის ჩატარებასთან, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში ბიოლოგიური სქესის უგულებელყოფასთან დაკავშირებული საკითხები.





