საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, პარლამენტის მიერ 17 სექტემბერს მიღებულ, ანტი-ლგბტ კანონთა პაკეტს ხელი არ მოაწერა, თუმცა, ზურაბიშვილმა ვეტოს უფლება არ გამოიყენა, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონს ხელს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მოაწერს და დოკუმენტი გამოქვეყნების შემდეგ ძალაში შევა.
ინფორმაცია ტაბულას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.
საქართველოს პარლამენტმა ლგბტ უფლებების შემზღუდველი, "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ" საკანონმდებლო პაკეტი 17 სექტემბერს მიიღო. პლენარულ სხდომაზე კანონპროექტს III მოსმენით მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი არავინ იყო.
კანონპროექტის მიხედვით, განისაზღვრება ქორწინებასთან, არასრულწლოვანის შვილად აყვანასა და მინდობით აღზრდასთან, ადამიანის თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების მიზნით სამედიცინო მანიპულაციის გამოყენებასთან, სახელმწიფოს მიერ გაცემულ დოკუმენტში სქესის მითითებასთან, განათლებასთან, ინფორმაციის გავრცელებასთან, საჯაროდ შეკრებასა და მანიფესტაციის ჩატარებასთან, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში ბიოლოგიური სქესის უგულებელყოფასთან დაკავშირებული საკითხები.





